გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი ჯონ ეში ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, მან ჩინელი ბიზნესმენებისგან ჯამში 1,3 მილიონი აშშ დოლარის თანხა აიღო, სანაცვლოდ კი, თანამდებობრივი სტატუსის გამოყენებით, მათთვის სასურველი ინვესტიციების მოზიდვასა და კონტრაქტების გაფორმებაში ეხმარებოდა. თანხის გარდა, ჯონ ეშმა "როლექსის" საათი და ძვირად ღირებული ავტომობილი მიიღო, მისი სახლის ტერიტორიაზე კი 30 000 დოლარის ღირებულების საკალათბურთო მოედანი ააშენეს.

ჯონ ეშის გარდა, ბრალდება ოთხ ბიზნესმენს წაუყენეს, რომლებიც გამოძიების თანახმად, კორუფციულ სქემაში წლების განმავლობაში მონაწილეობდნენ. ჯონ ეშის საქმის გამო გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა "ღრმა შეშფოთება" გამოთქვა.