"პალიტრა მედიამ" პროექტის "იყიდე ქართული-გააძლიერე ქვეყანა" ფარგლებში, ქართული პროდუქციის მწარმოებლებთან შეხვედრა გამართა

"პალიტრა მედიამ" პროექტის "იყიდე ქართული-გააძლიერე ქვეყანა" ფარგლებში, ქართული პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრა გამართა.

დისკუსია "ბიბლუსი გალერეაში" მოეწყო. შეხვედრას სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს თანამშრომლები და ქართული პროდუქტის პოპულარიზაციაზე მომუშავე პირები. მრგვალ მაგიდასთან "პალიტრა მედიის" წარმომადგენლებმა სტუმრებს სოციალური პროექტის "იყიდე ქართული-გააძლიერე ქვეყანა" დეტალები გააცნეს და ინიციატივის განვითარებისა და კომპანიების ჩართულობის მიზნით, მათი იდეები მოისმინეს. როგორც "პალიტრა მედიის" კონტენტ მარკეტინგის მთავარმა კონსულტანტმა, სალომე მეცხვარიშვილმა განაცხადა, ჰოლდინგის სურვილია, პროექტში რაც შეიძლება მეტი კომპანია და ადამიანი ჩაერთოს, რათა ქართული წარმოების განვითარებისთვის ყველაფერი გაკეთდეს. მისივე თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ქვეყნის გაძლიერებაში წვლილი შეიტანოს, რაც საბოლოო ჯამში, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება.

"პალიტრა მედიის" ინიციატივას მიესალმება კომპანია" ბარამბო". "ძალიან კარგი იქნება, თუ საზოგადოება გააცნობიერებს, რომ ქართული პროდუქტის შეძენით წარმოებას ხელს შეუწყობს. ეროვნული თვითშეგნება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც დიდი სიამოვნებით შევუერთდებით ამ პროექტს", - აღნიშნა კომპანია" ბარამბოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თაკო ნიბლაძემ.

ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე საუბრობს კომპანია "ნიკორას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიგა ბატკუაშვილი.  "ნამდვილად, ქართველმა ხალხმა უნდა შეიძინოს ქართული პროდუქცია. თუნდაც კომპანია "ნიკორა" მომხმარებლებს სთავაზობს ხარისხიან, ნატურალურ პროდუქტს, ეს დასაფასებელია. ჩვენ ვუერთდებით აქციას, ყველა კომპანიას ვურჩევთ ჩვენთან ერთად გაერთიანდნენ", - აღნიშნა გიგა ბატკუაშვილმა.

პროექტში სახელმწიფოს როლზე ისაუბრა მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა თეონა ბაბუნაშვილმა. "ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ამ იდეის წარმოშობისთვის, რადგან საინტერესო და კარგი კამპანიაა. ვფიქრობ, ეს წამოწყება მასობრივი და ცნობადი უნდა გახდეს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სააგენტო აქტიურად არის ჩართული არა მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქციის საქართველოში გაყიდვის, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ ექსპორტის პოპულარიზაციაში", - აღნიშნა თეონა ბაბუნაშვილმა.

"ბიბლუსი გალერეაში" გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა მოძრაობა "კარ.გე"-ს დამფუძნებელი ტარიელ ზივზივაძე. "მოძრაობა "კარ.გე" არსებობს იმისთვის, რომ ყველა კარგ საქმეს, ქართულ საქმეს შეეხიდოს. მით უმეტეს, როცა საუბარია ქართული პროდუქციის ყიდვაზე. დღევანდელ შეხვედრაზე მოვედი, რათა გამეცნო ის ხალხი, ვინც იგივე მოტივით სულდგმულობს. მერე უკვე გამოჩნდება, რას გავაკეთებთ. მთავარია, რომ ჩვენ არ გავჩერდებით", - აღნიშნა ტარიელ ზივზივაძემ.

შეხვედრაზე, კომპანიის წარმომადგენლები პროექტის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. სოციალური პროექტის "იყიდე ქართული-გააძლიერე ქვეყანა" განვითარებაში ჩართულია "პალიტრა მედიის" ჰოლდინგში შემავალი სხვადასხვა კომპანია. წამოწყებას გამოხმაურება მოჰყვა კომპანიების, მედიის წარმომადგენლებისა და მოქალაქეების მხრიდან. კამპანიას #იყიდექართული სოციალურ ქსელში უკვე ასობით მოქალაქე შეუერთდა. ინიციატივას საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც უცხადებენ მხარდაჭერას, რასაც კამპანიის ოფიციალური ჰეშთეგის თანხლებით გადაღებული "სელფებით" გამოხატავენ. პარალელურად, კამპანიისთვის ლოგოს შერჩევა მიმდინარეობს.