ქობულეთის გამგებლის წარმომადგენელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და ქრთამის აღების ფაქტზე, ქობულეთის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ მუხაესტატეში გია გოგიტიძე დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გია გოგიტიძემ თურქეთის მოქალაქისაგან თხილის გადასამუშავებელი საამქროსათვის ფართის გამოყოფაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით 20 000 ლარი მოითხოვა. გამგებლის წარმომადგენელმა წინასწარ აიღო ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 4000 ლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე ითვალისწინებს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.