საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობა იწყება

საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობა იწყება. მშენებლობას საფუძველი დღეს სოფელ დიღომში, საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, ფონდ ,,ღია საზოგადოება-საქართველოს" დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა და ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის" გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ ჩაუყარეს. აღნიშნული სოციალური პროექტის ინიციატორი სწორედ ,,ღია საზოგადოება-საქართველოა", მშენებლობას კი ინდივიდუალურ დონორებთან ერთად ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი" და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი აფინანსებენ.

"პალიატიური მზრუნველობა საქართველოში ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან დაიწყო და ამაყი ვარ, რომ ჩვენი ფონდი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ მზრუნველობაზე დაიწყო ფიქრი და ვინც მაშინვე იპოვა კარგი პარტნიორები, რომლებმაც საქართველოში პალიატიური მზრუნველობის მთელი სისტემა შექმნეს, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არ გვქონია ბავშვთა ჰოსპისი. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს არ არის მხოლოდ ის ადგილი, სადაც დაავადებულ ბავშვებს უვლიან. ეს არის ადგილი, სადაც მათ უქმნიან კომფორტს, რომ თავი კარგად იგრძნონ, სადაც მათ ართობენ. ეს არის ის ადგილი, სადაც ღირსეულად შეუძლია ბავშვს ცხოვრების დღეები გაატაროს. ამიტომაც ის საქმე, რომელსაც დღეს ვიწყებთ, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა ღონისძიებაზე ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა.

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა "ევექსის" გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემაც.  "ძალიან მიხარია, რომ იდეის განხორციელება, რომელიც რამდენიმე ადამიანს ერთი წლის წინ გაგვიჩნდა, უკვე დავიწყეთ. საქართველოში მსგავსი დაწესებულებების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი წლის ამ დროს ჩვენ შევძლებთ პირველი ბავშვების მიღებას", - განმარტა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა 2016 წლის ბოლოს დასრულდება. ეს იქნება პირველი სახლი, სადაც ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ პალიატიური მზრუნველობის მომსახურებას მიიღებენ. ბავშვთა ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: 24-საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისთვის, დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დღის განმავლობაში მიიღებენ საჭირო მომსახურებას და შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც ბინაზე მოემსახურება ბავშვებს.