რუსულმა რაკეტებმა ევროპული ავიაკომპანიები დააფრთხო

კასპიის ზღვიდან სირიის მიმართულებით რუსული ფრთოსანი რაკეტების გაშვებამ ევროპული ავიაკომპანიები დააფრთხო. ავიაუსაფრთხოების ევროპულმა სააგენტომ (EASA) ავიაკომპანიებს, რომლებიც კასპიის ზღვის საჰაერო სივრცეში, ასევე ირანსა და ერაყში ფრენებს ახორციელებენ, სიფრთხილისკენ მოუწოდა. „სანამ სირიის ტერიტორიამდე ჩააღწევენ, რაკეტები კასპიის ზღვის, ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეს კვეთენ და იმაზე დაბლა მიფრინავენ, ვიდრე კომერციული ავიაგადამზიდები“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

რუსული ფრთოსანი რაკეტების გამო, რამდენიმე ევროპული ავიაკომპანია იძულებული გახდა, ფრენების მარშრუტი შეეცვალა. მაგალითად, ფრანგულმა Air France-მა იემენის, აღმოსავლეთ უკრაინის, სირიის, ერაყისა და ლიბიის საჰაერო სივრცის გადაკვეთაზე უარი თქვა, ირანისა და კასპიის ზღვის საჰაერო სივრცის გადაკვეთისას კი, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღო.  გერმანულ ავიაკომპანია Lufthansa-ში კი მიიჩნევენ, რომ ფრენების მარშრუტის შეცვლის საჭიროება ჯერჯერობით არ არის. მიუხედავად ამისა, გერმანიის უმსხვილესი ავიაგადამზიდი ევროპულ საავიაციო უწყებებთან მუდმივ კონსულტაციებს ატარებს.