"საქართველოს მელიორაციასა" და "ეპტისა რუმინეთს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაციასა" და "ეპტისა რუმინეთს" შორის "ორიო" გრანტის ფარგლებში, ხელშეკრულება გაფორმდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულების საფუძველზე ზემო სამგორის სარწყავი სისტემების რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოებს კონსორციუმი "ეპტისა რუმინეთი" განახორციელებს. მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართელოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა და "ეპტისა რუმინეთის" გენერალურმა დირექტორმა, ჰერარდო როის დე ლა პარა გონსალეს მოხენმა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, 2014 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობასა და ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს NL AGENCY-ს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს უმსხვილესი სარწყავი და სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაციისათვის, საქართველო გრანტის სახით მიიღებს 15,5 მილიონ ევროს. თვითდინებით სარწყავი ქსელი ემსახურება 30 000 ჰა-ზე მეტ ფართობს.

ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის შედეგად, გარდაბნისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების 19 სოფლის 30 000 ჰა-ზე მეტი ფართობი იქნება უზრუნველყოფილი სარწყავი წყლით. აღნიშნული ფართობით ისარგებლებს 60 000 -მდე ბენეფიციარი. სარწყავი და სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში.