ალალბედზე მიტოვებული ბიზნესი, რომელიც ვერა და ვერ განვითარდა

რაში დაიხარჯა მცირე ბიზნესისთვის გამოყოფილი გრანტების დიდი ნაწილი

"ნუ გახსნი მაღაზიას, ვიდრე ღიმილს არ ისწავლი" - გვეუბნება ძველი ჩინური ანდაზა... უნდა გამოვტყდეთ, რომ ჩვენში მცირე ბიზნესს სახალისოდ და საღიმილოდ საქმე ნამდვილად არა აქვს, რასაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც ადასტურებს: "საქსტატმა" 2014 წელს ბიზნესის მდგომარეობა შეაფასა და ასეთი მონაცემები გამოაქვეყნა: 2014 წელს საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 50,1 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს თანხა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 81,9 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 8,7 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესი – 9,4 პროცენტი. ეს ციფრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბოლო წლებში ჩვენს ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილის გაზრდა ვერა და ვერ მოხერხდა. საინტერესოა, რომ ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობამ 592,1 ათასი კაცი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ მთლიანად ბიზნესი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 16 პროცენტის დასაქმებას ახერხებს, ხოლო დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 56,2 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 15,4 პროცენტი, მცირე ბიზნესი კი – 28,4 პროცენტი.

"მცირე ბიზნესი საქართველოში ალალბედზეა მიტოვებული"- ამბობს საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამაზ ვაშაკიძე, რომელსაც ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე ვესაუბრეთ:

"მცირე მეწარმეობას ჩვენთან ყურადღება საერთოდ არ ექცევა და მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის ხელისუფლების სათავეში. საქართველოს ყველა ხელისუფლებისთვის რატომღაც გაუგებარია, რომ როდესაც მცირე მეწარმეობაზე ვსაუბრობთ, აქ პირველ რიგში ადამიანების დასაქმებაც იგულისხმება. მცირე ბიზნესი ყველა ქვეყანაში სუბსიდიებსა და დოტაციებზეა გადასული, რადგან ჯობია ადამიანს დაეხმარო ბიზნესის აწყობაში და მერე მან სხვებიც დაასაქმოს, ვიდრე უმუშევრობის გადასახადი უხადო - ნორმალურ ქვეყნებში ასეა. სწორედ ამიტომ, თავის დროზე რონალდ რეიგანმა 4 მილიარდი დოლარი გადარიცხა მცირე მეწარმეობის დასახმარებლად, ხოლო ბარაკ ობამამ - 30 მილიარდი. სწორედ ამგვარი ნაბიჯების წყალობით შეიქმნა აშშ-ში საშუალო ფენა, რომელიც ამ ქვეყნის ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს. მსგავსი რამ ჩვენში არც არის და არც ადრე მომხდარა, მიუხედავად სხვადასხვა ხელისუფლების ცვლილებისა. მთელ მსოფლიოში მცირე ბიზნესის წილი ეკონომიკაში 40 პროცენტს აღწევს და ამ სფეროში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული. ჩვენთან კი, მცირე და საშუალო ბიზნესი ვერა და ვერ განვითარდა."

თამაზ ვაშაკიძის თქმით, დღეს მთელი მსოფლიო ცდილობს ბიზნესი ისე მოაწყოს, როგორც ჩეხეთშია: "ჩეხეთში ნებისმიერ უარყოფით ცვლილებას, რასაც ბიზნესი განიცდის, სახელმწიფო აფიქსირებს და მაშინვე იწყებს დახმარებას. ეს იმიტომ ხდება, რომ სახელმწიფომ იცის: თუ მცირე ბიზნესს არ დაეხმარება, უმუშევრების უზარმაზარი არმია ეყოლება. ჩვენთან ამ მიმართულებით არაფერი კეთდება, უკვე მეოთხე ხელისუფლება გვყავს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და ჯერ კიდევ არაფერი შეცვლილა. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არა აქვს კანონი მცირე და საშუალო მეწარმეობის შესახებ. აქ მცირე ბიზნესი მიტოვებულია და თავის ნებაზეა მიშვებული. ჩვენმა ორგანიზაციამ შეისწავლა და აღმოჩნდა, რომ 1994 წლიდან 2002 წლამდე საზღვარგარეთიდან შემოსული გრანტებიდან უშუალოდ მცირე ბიზნესისთვის ძალზე მცირე თანხა დაიხარჯა. ძირითადი თანხები უაზროდ გაიფლანგა. სად წავიდა? - ტრენინგებზე, მივლინებებზე, კონფერენციებზე და ა.შ... ახლაც ასეა - ნებისმიერი თანხა, რომელიც მცირე მეწარმეობის მხარდასაჭერად შემოდის, ისეთ ტრენინგებზე იხარჯება, რომლებიც ტრენინგებს არც ჰგავს. როდესაც ქვეყანაში ჩინოვნიკის ხელფასი სამჯერ და ოთხჯერ აღემატება მეწარმის შემოსავალს, რაზე უნდა ვილაპარაკოთ? საარჩევნო პროგრამაში ყველას უწერია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, ეს დაპირება ყველას ავიწყდება. ეს იმ სისტემის ბრალია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდა, ხელისუფლების წასვლა-მოსვლა ვითარებას ვერ ცვლის."

ექსპერტი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში ბიზნესისთვის სიტუაცია შეიცვალა, თუმცა საერთო სურათი მაინც არადამაკმაყოფილებელია: "მე ვერ ვიტყოდი, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყანაში არ ვითარდება, თუმცა ეს წინსვლა უმნიშვნელოა. სულ ცოტა ხნის წინ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი სამეწარმეო ბრუნვაში 15%-ს არ აღემატებოდა, ახლა კი, 19%-ს მიუახლოვდა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია, რადგან ევროკავშირში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ბრუნვაში თითქმის 64%-ია. ამის გამო იქ დასაქმების საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები აქვთ. ჩვენთან ბოლო წლებში სიტუაცია თითქოს გაუმჯობესდა, მაგრამ აბსოლუტურად არადამაკმაყოფილებელი ტემპებით, ამიტომ ამ სფეროს მართლაც უნდა მიხედვა. ნეგატიურად იმოქმედა აღნიშნულ პროცესზე ლარის გაუფასურებამ და მცირე მეწარმეებისთვის დამატებითი საკრედიტო სირთულეების შექმნამაც. მათ გაცილებით უფრო რთულ პირობებში უხდებათ საქმიანობა, ვიდრე მსხვილ ბიზნესს, რომელსაც მანევრირებისა და ფინანსური რესურსების გამოყენების უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს. მდგომარეობა, რომელიც ათეულობით წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, ერთბაშად ვერ გამოსწორდება, ამიტომ, დაველოდოთ მოვლენებს და ვნახოთ, როგორი იქნება მდგომარეობა 3-4 წელიწადში."

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის დამფუძნებელი მათე გალდავა კი ფიქრობს, რომ მცირე ბიზნესის მდგომარეობა კაპიტალის უქონლობითაც არის გამოწვეული: "თუ მცირე ბიზნესის მდგომარეობას გადავხედავთ, განვითარებულ ქვეყნებში სულ სხვა სურათი გვაქვს. ამის მთავარი მიზეზი ჩემი აზრით ის არის, რომ საქართველოში კაპიტალის ანუ დაფინანსების დეფიციტია. განსაკუთრებით უჭირს ფულის შოვნა საშუალო და მცირე ბიზნესს. ამიტომ, ჩვენ ვართ ჩაკეტილ წრეში, სადაც საშუალო და მცირე ბიზნესს წინსვლა უჭირს. ეს იმიტომაც ხდება, რომ ჩვენს ეკონომიკაში ზედმეტად არის წარმოდგენილი სახელმწიფო. სახელმწიფო ფლობს ქვეყნის ძირითადი აქტივების დიდ ნაწილს, მის მფლობელობაშია უამრავი შენობა-ნაგებობა და შპს. შესაბამისად, მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ იზიდავს ინვესტიციებს და უჭირს განვითარება. აქ გასაკვირი არაფერია, რადგან ქვეყნის ძირითადი ქონება ეკონომიკისგან გათიშულია."

მათე გალდავას აზრით, მცირე მეწარმეების შეცდომებზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული:

"მცირე მეწარმეები ხშირად ცდილობენ უფრო ნაკლები თანხით გააკეთონ ესა თუ ის საქმე: დავუშვათ, თქვენ მცირე მეწარმე ხართ და ბიზნესისთვის 1 მილიონი დოლარი გჭირდებათ, ამ თანხის მოზიდვის საშუალება არ გაქვთ და ცდილობთ საქმე, რომელსაც მილიონი სჭირდება, 200 ათასი დოლარით გააკეთოთ, ამას ვერ შეძლებთ. სამწუხაროდ, ხშირად სწორედ ასე ხდება, ამიტომაც უვარდებათ ბიზნესი ჩვენს მეწარმეებს და იმ ქონებასაც კარგავენ, რაც აქვთ. ცნობილი ებრაული გამოთქმაა: მილიონს რომ კაპიკი დააკლდება, ის მილიონი აღარ არისო. თუ საქმეს მილიონი სჭირდება, მეწარმემ მასში მილიონი უნდა ჩადოს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ საქართველოში მცირე მეწარმეების დიდი ნაწილი თავის საქმეს ვერ უძღვება და კოტრდება."

ხათუნა ჩიგოგიძე