ბორჯომის მუნიციპალიტეტმა სექტემბერში მოქალაქეთა დასახმარებლად 74 667 ლარი დახარჯა

ბორჯომის მუნიციპალიტეტი სექტემბრის თვეში განხორციელებულ სოციალურ პროგრამებს აქვეყნებს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, გასული თვის მონაცემებით, მოქალაქეთა დახმარების მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 74 667 ლარის დაფინანსება გასცა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანადგომით დახმარება გაეწია 362 ბენეფიციარს. გამგებლის განმარტებით, გამგეობაში დღეისათვის მოქმედებს 16 სოციალური პროგრამა. ეს პროგრამები ითვალისწინებს მოქალაქეებისათვის, როგორც სტაციონარული, ისე მედიკამენტოზური მომსახურების გაწევას, ასევე 4 და მეტ შვილიანი ოჯახების, შშმ პირების, გამოჩენილი ადამიანების, ახალდაქორწინებულების, ახალშობილების, 100 წელს გადაცილებულებისა და დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარებას.

2015 წლიდან ბორჯომში დიალიზზე მყოფი პაციენტების დახმარების პროგრამაც ამოქმედდა. ადგილობრივი ხელისუფლება ბენეფიციარებს მედიკამენტების შესყიდვაში ყოველთვიურად 50 ლარით ეხმარება. ამასთანავე, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანების მიერ სახელმწიფო პროგრამის სარგებლობისას დარჩენილი თანხის ანაზღაურებას.