"ჩვენ გვექნება თავისუფალი ვაჭრობა ევროპის კავშირთან, რუსეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ახლა უკვე ჩინეთთან"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიას თხოვნით მიმართავს, აქტიურად გააშუქონ "აბრეშუმის გზის ფორუმი" , რომელიც თბილისში 15-16 ოქტომბერს არის დაგეგმილი. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თბილისში პირველად იმართება "თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმი.  "მოგეხსენებათ, ამ ფორუმის ჩატარება არის ჩემი ინიციატივა, რომელზეც გასულ წელს ჩვენ გაერო-ს ტრიბუნიდან ვისაუბრეთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც იწყებს განხორციელებას. პროექტი არის ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივა. ეს არის ერთიანი სარტყელი ახალი აბრეშუმის გზის აღდგენის ფარგლებში თანამედროვე ეპოქაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყანამ წამოიღო ეს ინიციტიავა. შარშან გამოვეხმაურეთ ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივას და პირველად იმართება საქართველოში აბრეშუმის გზის ფორუმი", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ფორუმზე ელოდებიან დაახლოებით 300 სტუმარს ჩინეთიდან, ასევე 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს, სულ დაახლოებით 1 000 ადამიანი მიიღებს მასში მონაწილეობას. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჩამოდიან ჩინეთიდან დიდი კომპანიის ხელმძღვანელი პირები, ასევე მთავრობის წარმომადგენლები.  "რაც ყველაზე მთავარია, ჩინეთის მთავრობის სურვილი იყო, რომ ამ ღონისძიების თანაორგანიზატორი გამხდარიყო ჩვენი მთავრობაც. ჩვენ სიამოვნებით მივიღეთ ეს წინადადება და საქართველოს მთავრობა ჩინეთის მთავრობასთან ერთად არის ამ ღონისძიების თანაორგანიზატორი. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვსურს დავაფიქსიროთ და ვუთხრათ ყველას, რომ საქართველოს აქვს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა და საჭიროა ამ მდებარეობის მაქსიმალურად, გონივრულად გამოყენება. ვფიქრობ, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩემი ვიზიტის დროს ჩინეთში ჩინეთის პრემიერმა დამიდასტურა მზაობა იმის თაობაზე, რომ ჩინეთი იწყებს მოლაპარაკებას საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ჩვენ ვიქნებით პირველი ქვეყანა მთელს ევროპის კონტინენტზე, რომელსაც ექნება თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის. საქართველო გახდება უნიკალური ადგილი, ჩვენ გვექნება თავისუფალი ვაჭრობა ევროპის კავშირთან, რუსეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ახლა უკვე ჩინეთთან. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ყველა უწყებას მადლობა გადაუხადა, ვინც ჩართულია აბრეშუმის გზის ფორუმის მომზადებაში. "იქნება საინტერესო დისკუსიები, პანელები. მედიას მინდა თხოვნით მივმართო, აქტიურად გააშუქონ ეს ფორუმი, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მთავრობისთვის მნიშვნელოვანი, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია იმისთვის, თუ როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყანა და რა პერსპექტივები ექნება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.