"ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტს ნავთობპროდუქტებსა და გაზზე აქციზის გადასახადის გაუქმების ინიციატივით მიმართა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოში მოპოვებულ და იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებსა და გაზზე აქციზის გადასახადის გაუქმების ინიციატივით გამოდის.

უმცირესობამ "საგადასახდო კოდექში" შესაბამისი ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე წარადგინა.

როგორც საკითხის ინიციატორები აცხადებენ, შემოთავაზებული კანონპროექტით იხეირებენ როგორც ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ასევე იხეირებს თითოეული მოქალაქე, რომელიც საკუთარ შემოსავალს დაზოგავს ან გაზრდის მოხმარებას სხვა პროდუქციაზე.

როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" განმარტავენ, ბენზინის თვითღირებულებაში აქციზის გადასახადს 29 თეთრი უჭირავს, რაც ფასწარმოქმნაზე დიდ გავლენას ახდენს.

"კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ნავთობპროდუქტებსა და გაზზე ფასების შემცირება. იმის გათვალისწინებით, რომ ნავთობი და გაზი გამოიყენება სხვა პროდუქტების წარმოებაშიც, დაიწევს ფასები სხვა პროდუქტებზეც. მოცემული ნაბიჯი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გაუადვილებს ცხოვრებას, რადგან მათ შეეძლებათ დაზოგილი თანხა სხვა მიმართულებით მიმართონ. კანონის მიღება წაახალისებს საზოგადოებრივ დანაზოგს, გრძელვადიან პერიოდში გაიზრდება ინვესტიციები, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და კეთილდღეობის გაზრდას ქვეყანაში", - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობა".

კანონპროექტი, მისი მიღების შემთხვევაში, გავლენას ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე და იწვევს საბიუჯეტო შემოსავლების დაახლოებით 350 მილიონი ლარით შემცირებას.

ინიციატორების შეფასებით, იმისთვის, რომ მოხდეს დანაკლისი თანხის დაბალანსება ბიუჯეტში, აუცილებელია ბიუჯეტის შეკვეცა მრავალი პროფილით - როგორც სოციალური ხარჯების მხრივ, ასევე ადმინისტრაციულ ნაწილში.

ნათია ინაური