საფრანგეთს იმედი აქვს, რომ რუსეთს ახალ ხომალდებს მიჰყიდის

"მისტრალის" ტიპის ვერტმფრენმზიდების შესახებ კონტრაქტის გაუქმების მიუხედავად, საფრანგეთს იმედი აქვს, რომ რუსეთს ახალ ხომალდებს მიჰყიდის. როგორც "ასოშიეითედ პრესი" იტყობინება, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა. "დალაგდა ურთიერთობა რუსეთთან, რომელმაც კონტრაქტის გაუქმებაზე თანხმობა განაცხადა. ვფიქრობ, რომ ახალი ხომალდების შესახებ შეთანხმებებს მივაღწევთ", - განაცხადა ოლანდმა. საფრანგეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, იქნება ეს სამოქალაქო თუ სამხედრო ხომალდები.

რუსეთმა საფრანგეთთან "მისტრალის" ტიპის 2 ვერტმფრენმზიდის შეძენაზე კონტრაქტი 2011 წელს დადო. პირველი ხომალდი პარიზს 2014 წლის ნოემბერში უნდა გადაეცა, თუმცა უკრაინის კონფლიქტის გამო საფრანგეთმა გადაწყვეტილება გააუქმა. სექტემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთისთვის განკუთვნილ ვერტმფრენმზიდებს ეგვიპტე შეიძენს. კონტრაქტს კაიროში 1 ოქტომბერს მოეწერა ხელი. როგორც ცნობილია, "მისტრალის" ტიპის ვერტმფრენმზიდებს ეგვიპტე 2016 წლის ზაფხულში მიიღებს.