თბილისში ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკისა და ვაჭრობის ხელშეწყობისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

თბილისში, სასტუმრო "რედისონში" ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკისა და ვაჭრობის ხელშეწყობისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხრიდან ვიცე-პრეზიდენტმა ავთანდილ საყვარელიძემ მოაწერა ხელი.  კონფერენციის ორგანიზატორები არიან შანხაის პროვინციის სახალხო მთავრობა, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური და კომერციული მრჩეველის აპარატი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შანხაის პროვინციის მსხვილი ათი ბიზნესკომპანია და სომხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ წარმოდგენილი 40 მსხვილი კომპანია. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელი დავით საგანელიძე დაესწრნენ. კონფერენციის მიზანია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მხარდაჭერა და გაღრმავება. ღონისძიება "აბრეშუმის გზის" ფარგლებში გაიმართა.

"საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელის დავით საგანელიძის განცხადებით, "აბრეშუმის გზის ფორუმი" არის დიდი ეტაპის დასაწყისი საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. "საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და ჩინეთის სახელმწიფოს მხარდაჭერით იმართება ფორუმი, რომელიც, ვფიქრობ, საქართველოს ეკონომიკაში სერიოზულ გარდატეხას გამოიწვევს, რადგან ის ინტერესი, რომელიც საქართველოს მიმართ არსებობს, ამ დიდი პროექტის, აბრეშუმის პროექტის ფარგლებში არის ის გზა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ძალიან სწრაფად უნდა გაიაროს", - განაცხადა საგანელიძემ.  მისივე თქმით, საქართველოში ჩამოსულია 500-მდე ჩინელი სახელმწიფო პირი, ბიზნესმენები, უმსხვილესი კორპორაციების ხელმძღვანელები. ასევე ჩამოსულები არიან მონღოლეთიდან, ყირგიზეთიდან, ევროპიდან, არაბული და სხვადასხვა ქვეყნიდან. "ეს არის ის გზა, რომელიც საქართველოსთვის შეუქცევადია, რადგან ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს ის წერტილი რუკაზე, რომელიც იქნება ამ ქვეყნებისთვის ყველაზე საინტერესო ინვესტიციების თვალსაზრისით. აქ ჩვენ ბევრ პროექტს გავივლით და განვიხილავთ. ბევრი მემორანდუმი შეიძლება გაფორმდეს უახლოეს ხანებში გამომდინარე იმ შედეგებიდან, რაც ამ ფორუმს ექნება", - განაცხადა საგანელიძემ.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ აღნიშნა, სოფლის მეურნეობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის ძალიან საინტერესო მიმართულებაა.  "არის დიდი ინტერესი. ამას ხელს უწყობს ის ფორუმი, რომელიც ხვალ იწყება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია", - აღნიშნა დანელიამ.

"აბრეშუმის გზის ფორუმს" თბილისი 15-16 ოქტომბერს უმასპინძლებს.