როგორ ყიდიან ევროპაში მიგრანტებზე ყალბ პასპორტებს

ბოლო პერიოდში ევროპაში ჩასული სულ უფრო მეტი მიგრანტი ცდილობს თავი აარიდოს ჩრდილოეთ ევროპაში ზღვით ან ფეხით სახიფათო გადაადგილებას. თვითმფრინავის ბილეთის შეძენაში კი მათ დანაშაულებრივი დაჯგუფებები ეხმარება, რომლებიც მიგრანტებისთვის ყალბ ევროპულ პასპორტებს ამზადებს. გაერო-ს მონაცემებით, ყალბი დოკუმენტებით ვაჭრობამ ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობას გადააჭარბა.

„ბიბისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში ჩასულ მიგრანტებს ერთადერთი მიზანი აქვთ, რაც შეიძლება მალე გადავიდნენ საბერძნეთიდან ჩრდილოეთ ევროპაში. თუმცა, ამ გზის გასავლელად მათ უმრავი დაბრკოლება და სირთულე ელით წინ. სწორედ ამ დროს ჩნდებიან მიგრანტების „დასახმარებლად“ ორგანიზაციები, რომლებიც ყალბ დოკუმენტებს ამზადებენ.

საბერძნეთიდან ჩრდილოეთ ევროპაში მოსახვედრად მიგრანტებმა რამდენიმე საზღვარი უნდა გაიარონ. ამიტომ ამის თავიდან ასაცილებლად ისინი დანაშაულებრივ ჯგუფებს უკავშირდებიან, რომლებიც ათენში ყალბ დოკუმენტებს ყიდიან. „ერთ-ერთი მათგანი სუდანელი აჰმედია, რომელიც ყალბ პასპორტებს გასცემს. როგორც აჰმედი ამბობს, შვედეთში წასვლა 3 800 ევრო ჯდება, გერმანიაში 3 500, იტალიაში კი კიდევ უფრო იაფი. პასპორტთან ერთად დაჯგუფება მიგრანტებს თვითმფრინავის ბილეთს და გარანტიასაც სთავაზობს, თუ უკან დაბრუნება მოუხდებათ“, - ნათქვამია „ბიბისის“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტში.

სიუჟეტის ავტორმა თავად ჩაატარა ექსპერიმენტი და აღმოაჩინა, რომ სულ რაღაც 200 დოლარისა და მობილურით გადაგზავნილი ფოტოთი მას თავისუფლად შეეძლო ევროკავშირის წევრი რომელიმე ქვეყნის მოქალქის პასპორტის მიღება. „ბიბისის“ სიუჟეტში ასევე მოყვანილია ლატაკიადან ბრიუსელში ჩასული მამაკაცის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ ათენში დამზადებული ყალბი იტალიური პასპორტით ჩავიდა ბელგიაში და აეროპორტში პრობლემა არ შექმნია.