"აბრეშუმის გზის" ფორუმისთვის ექვსი ქვეყნის დელეგაცია უკვე ჩამოვიდა

"აბრეშუმის გზის" ფორუმისთვის ექვსი ქვეყნის დელეგაცია უკვე ჩამოვიდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისს, ფორუმში მონაწილეობის მიზნით, დღეს უკვე ესტუმრა ჩინეთის წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელსაც სინძიანის რეგიონის გუბერნატორი შუქრათ ზაკირი ხელმძღვანელობს.  ჩინეთის დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დახვდა.

"15-16 ოქტომბერს თბილისი მასპინძლობს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს", რომელიც იმართება პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით. ამ ფორუმზე ჩვენ გვეყოლება 800-მდე დელეგატი 31 ქვეყნიდან. მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის თანაორგანიზატორი არის ჩინეთის მთავრობა. დღეს ჩვენ ვხვდებით ჩინეთის წარმომადგენელს, სინძიანის რეგიონის გუბერნატორს შუქრათ ზაკირს, რომელიც ხელმძღვანელობს ჩინეთის დელეგაციას. ჩინეთის მხრიდან ჩამოდის 300-მდე დელეგატი და, შესაბამისად, მთლიანად ამ ფორუმის მანძილზე ჩვენ გვექნება შეხვედრები, რომლებმაც ხელი უნდა შეიწყოს აბრეშუმის გზის აღორძინებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ახალი ტვირთნაკადების გაზრდას და, შესაბამისად, ჯამურად, მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის დამატებითი შემოსავლებისა და სარგებლის მოტანას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დღეს საქართველოს უკვე ეწვია აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი უენჩაი იანგი. დღის განმავლობაში თბილისში ასევე ელოდებიან ცხრა ქვეყნის დელეგაციას. "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობას მიიღებს ევროპის, აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის 31 ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაცია, მათ შორის - ვიცე-პრემიერები და მინისტრები (ავღანეთი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, აშშ, ბელორუსი, დანია, თურქეთი, თურქმენეთი, ინდოეთი, იტალია, კანადა, კვიპროსი, სამხრეთ კორეა, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სომხეთი, უზბეკეთი, უკრაინა, უნგრეთი, ქუვეითი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, ჩინეთი). ასევე 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები.