"მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში" მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები "მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში" რეგისტრაციას თბილისში ჩამოუსვლელად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე დისტანციურად შეძლებენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კოოპერატივებს გადაეცემათ მათ ბალანსზე არსებული სკების იდენტური რაოდენობა, არაუმეტეს 100 ცალი, ღირებულების 30%-ად. მათივე ინფორმაციით, რეგისტრაციისას პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კოოპერატივმა უნდა მიუთითოს მისთვის სასურველი სკის სახეობა.  "აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ გარკვეულ მოთხოვნებს, მათ შორის მეპაიეთა რაოდენობა იმ სოფლებში, თემებსა და დაბებში, რომელზეც ვრცელდება "მაღალმთიანი რეგიონების სოციალ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება, არ არის 5-ზე ნაკლები და საკუთრებაში აქვთ არანაკლებ 30 სკა ფუტკრის ოჯახით, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მეპაიეთა რაოდენობა არ არის 11-ზე ნაკლები და ბალანსზე აქვთ აყვანილი არანაკლებ 60 სკა ფუტკრის ოჯახით", - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

როგორც "სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კოოპერატივი ვალდებულია 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს გლობალური სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტის (GLOBAL GAP) დანერგვა კოოპერატივის მფლობელობაში არსებულ საფუტკრე მეურნეობაში; ხოლო 2018 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში მიღებულ სკებში ფუტკრის ახალი ოჯახების განთავსება. კოოპერატივები, ასევე მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას თაფლის ტექნიკური რეგლამენტის ძირითადი მოთხოვნების დანერგვასთან დაკავშირებით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია პროგრამაში მონაწილე თითოეული კოოპერატივის მიერ წარმოდგენილ თაფლის ერთ ნიმუშს უფასოდ ჩაუტარებს ლაბორატორიულ შემოწმებას.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამას, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს" მეშვეობით ახორციელებს.