ბრიუს ენდრიუსი: ჩვენ ვხედავთ ბრწყინვალე შესაძლებლობებს

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანმა ბრიუს ენდრიუსმა აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" 31 ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაცია და 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებიან.  "უპირველეს ყოვლისა, მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, ვისაუბროთ არამარტო ყველა იმ სასიკეთო სიახლეებზე, რაც საქართველოში ხდება, არამედ ეს ბრწყინვალე შესაძლებლობაა, ვისაუბროთ როგორც საქართველოს, ასევე მთლიანად რეგიონის მომავალ ეკონომიკურ განვითარებაზე. აქ უამრავი ეკონომიკური შესაძლებლობაა, რომლის გამოყენება შესაძლებელია რეგიონალური თანამშრომლობის გზით ლოგისტიკური ჰაბის ჩამოსაყალიბებლად და რეალურად შესაძლებელია მნიშვნელოვანი ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა მთლიანად რეგიონის მასშტაბით. ჩვენ ვხედავთ ბრწყინვალე შესაძლებლობებს. რეგიონის ყველა ქვეყანას ერთობლივად ეძლევა შესაძლებლობა, ააშენონ ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც დიდ სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონს", - განაცხადა ბრიუს ენდრიუსმა.