შემოვლითი რკინიგზის პროექტი სავარაუდოდ უახლოეს მომავალში განახლდება

თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი სავარაუდოდ უახლოეს მომავალში განახლდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა, რომელიც რუსთაველის თეატრში "აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.  როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, პროექტში გარკვეული კორექტირება შევიდა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროექტი მალე განახლდება.  "თბილისის შემოვლითი რკინიგზა ფინანსდებოდა ევრობონდებისგან მოზიდული რესურსით და სავარაუდოდ, ამავე რესურსით გაგრძელდება ამ პროექტის დაფინანსება. ეს იქნება სუვერენული რესურსით დაფინანსებული პროექტი. შემდგომში, უკვე მომდევნო ეტაპზე, არ არის გამორიცხული, რომ ამ ტიპის პროექტებზე განხილული იქნას კერძო სექტორთან ერთად კონცესიური მოდელები", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა ვართ იმ პროცესში, რომ გავზარდოთ ინტერესი საქართველოს შესახებ. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო მმართველობის ინდექსში, მსოფლიო ბანკის ინდექსში, რომელიც 30 ძალიან მაღალი რეპუტაციის კომპანიის ინდექსების ერთობლიობა გახლავთ, საქართველომ ექვსივე კომპონენტში ძალიან მნიშვნელოვნად წაიწია წინ, ბოლო სამი წლის განმავლობაში. ეს არის რეალობა და ამის შესახებ ჩვენ ყველას ვაწვდით ინფორმაციას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.