ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ტენდერი გამოაცხადა

სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" (სნგკ) მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის აუცილებელი მასალებისა და მოწყობილობების შესყიდვაზე სახელმწიფო ტენდერი გამოაცხადა.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, ტენდერით გათვალისწინებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 5 116 637,00 ლარს, დღგ-ის გარეშე. ტენდერის ვადა მიმდინარე წლის 4 ნოემბერს იწურება.  მათივე ინფორმაციით, ტენდერის ფარგლებში შეძენილი მასალებისა და მოწყობილობების გამოყენება გათვალისწინებულია "წითელი ხიდი-გარდაბნის" 700მმ დიამეტრის 17კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისათვის, ასევე მაგისტრალური გაზსადენებისათვის აუცილებელი სადიაგნოსტიკო მოწყობილობების მიმღებ-გამშვები კვანძების მოსაწყობად.

"აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის სხვადასხვა კრიტიკულ მონაკვეთზე ჩატარებული ბოლო შესწავლის შედეგების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ "ყარადაღ-თბილისის" მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის "წითელი ხიდი-გარდაბნის" მონაკვეთი ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ადგილს წარმოადგენს. შესაბამისად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული "წითელი ხიდი-გარდაბნის" მონაკვეთზე არსებული გაზსადენის რეკონსტრუქცია, რაც გულისხმობს ახალი ხაზის გაყვანას 700მმ-იანი მილებით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. "ყარადაღ-თბილისის" მაგისტრალური გაზსადენის I ხაზი საქართველოში აგებული პირველი მაგისტრალურ გაზსადენია, რომლითაც ბუნებრივი გაზი აზერბაიჯანიდან მიეწოდა საქართველოს სამრეწველო, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და ბიზნესის ობიექტებს. გაზსადენი 1959 წელს აშენდა. "წითელი ხიდი-გარდაბნის" 700მმ დიამეტრის 17კმ-იანი მონაკვეთის საპროექტო უბანზე გაზსადენის რეკონსტრუქციით აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის "წითელი ხიდი-საგურამოს" მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება", - აცხადებენ კორპორაციაში.