გიორგი კვირიკაშვილი: ჩინეთიდან საქართველოს გავლით ტრანზიტული ტვირთის ევროპაში გადაადგილება არის უდიდესი შესაძლებლობა

საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჩინეთიდან საქართველოს გავლით ტრანზიტული ტვირთის ევროპაში გადაადგილება არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც საქართველომ და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რა პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ჩინეთიდან საქართველოს გავლით ტრანზიტული ტვირთის ევროპაში გადაადგილებას. კვირიკაშვილის განცხადებით, ეს უმნიშვნელოვანესია დროის თვალსაზრისით, რადგან არის ერთ-ერთი უმოკლესი გზა.  "ამ გზის წარმატება დამოკიდებულია კოორდინაციის ხარისხზე ჩვენი რეგიონის ქვეყნებს შორის. ასევე საბაჟო პროცედურების სიმარტივეზე. ამ კუთხით საქართველო ნამდვილად გამოირჩევა. ჩვენ სატესტო მატარებელი უკვე შემოვიყვანეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ 9 დღეში შესაძლებელია ჩინეთიდან საქართველოში ტვირთის შემოტანა. ეს იმას ნიშნავს, რომ მაქსიმუმ ორ კვირაში შესაძლებელია ტვირთი იყოს უკვე პირდაპირ ევროპაში. მათ შორის შესაძლებელია დუნაის გავლით იყოს გერმანიაში. დუნაის გავლით გერმანიაში ჩავიტანოთ ტვირთი ჩინეთიდან. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც საქართველომ და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.