საქართველოში ფერმერული კოოპერატივების განვითარებისათვის დამატებით 8 მილიონი ევრო გამოიყო

ევროკავშირის პროგრამა ENPARD-ის ფარგლებში საქართველოში ფერმერული კოოპერატივების განვითარებისათვის დამატებით 8 მილიონი ევრო გამოიყო.

ევროკავშირის ფინანსური დახმარების შესახებ დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ოთარ დანელიამ და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა კონფერენციაზე ისაუბრეს.  ოთარ დანელიას განცხადებით, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 8 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური დახმარება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და ეს თანხა გამოიყოფა ევროკავშირის პროგრამა "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის", ENPARD-ის 52 მილიონი ევროს პროგრამის ფარგლებში. მინისტრის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ევროკავშირის მიერ კიდევ მოხდება მეორე ტრანშის გამოყოფა. ამ პროგრამის მთლიანი ღირებულება 60 მილიონი ევრო იქნება. შეთანხმება აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის რამდენიმე თვეში გაფორმდება.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა პრესკონფერენციაზე ასევე აღნიშნა, რომ 2014 წლის განმავლობაში ქვეყანაში 3,4 მილიარდი ლარის პირველადი აგროპროდუქცია შეიქმნა. დამატებით 4,5 მილიარდი ლარის აგროპროდუქტი გამოუშვა გადამამუშავებელმა მრეწველობამ. ჯამურად აგროწარმოების ზრდამ გასულ წელს 10% შეადგინა, რის პასუხადაც 2014 წელს უცხოელმა ინვესტორებმა ქვეყნის აგროსფეროში 19 მილიონი აშშ დოლარი დააბანდეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ციფრი 2013 წელს 12 მილიონ აშშ დოლარს არ აღემატებოდა. ოთარ დანელიამ ევროკავშირის ელჩს საქართველოს მთავრობის სახელით თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკვე საქართველოში ათასზე მეტი კოოპერატივია შექმნილი და 54 საკონსულტაციო ცენტრი რეგიონებში.

თავის მხრივ, იანოშ ჰერმანმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში ევროკავშირის წილის შეტანა ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირის საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება და სოფლის მეურნეობა ერთადერთი მიმართულება არ არის. ევროკავშირის ელჩმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 8 მილიონი ევრო თანხის სახით პირდაპირ საქართველოს ბიუჯეტში ჩაირიცხება. იანოშ ჰერმანმა საუბრისას ხაზი გაუსვა ასევე იმ ფაქტს, რომ 2012 წლის ნოემბრის დასაწყისში, როდესაც ENPARD-ის პროგრამა საქართველოს მთავრობასთან ერთად შეიმუშავეს, არსებობდა ეჭვი, რამდენად მიღწევადი იქნებოდა ამ პროგრამის მიზნები, მინისტრმა კი აღნიშნა, რომ დასახულ ამოცანებს ნამდვილად გადავაჭარბეთ.  "ჩვენ გვინდოდა 30 საკონსულტაციო ცენტრის შექმნა, დღეს ჩვენ 54 საკონსულტაციო ცენტრი გვაქვს, რომლებიც თავიანთი რჩევით ათიათასობით ქართველ ფერმერს ეხმარებიან", - აღნიშნა ელჩმა.

თავის მხრივ, ევროკავშირის ელჩმაც ასევე დაადასტურა, რომ ევროკავშირი საქართველოში მეორე პროგრამის განსახორციელებლად მუშაობს, რომლითაც საქართველო დამატებით 60 მილიონიანი ევროს გრანტს მიიღებს.