აზერბაიჯანმა გერმანული კომპანიის ქართველი მენეჯერი შავი სიიდან ამოიღო

გერმანული კომპანია Karl Storz-ი და მისი მენეჯერი საქართველოსა და სომხეთში, მერაბ მგალობლიშვილი, აზერაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს არასასურველ პირთა სიიდან ამოიღეს. საგარეო უწყებამ მათი შავ სიაში შეყვანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მგალობლიშვილი მთიან ყარაბაღში, აზერბაიჯანის ოფიციალური ნებართვის გარეშე ჩავიდა.

როგორც აზერბაიჯანული პრესა იტყობინება, კომპანიის წარმომადგენელმა სტეფან დუბნაკმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილით მიმართა და ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ მგალობლიშვილი მთიან ყარაბაღში იყო ჩასული. დუბნაკის ინფორმაციით, Karl Storz-მა ყარაბაღში საქმიანობა შეაჩერა. წერილი საგარეო უწყებაში მერაბ მგალობლიშვილის სახელითაც გადაიგზავნა.

როგორც ცნობილია, ოფიციალური ბაქო მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულ მხარესთან შეუთანხმებელ ვიზიტებს უკანონო საქმიანობად აფასებს. ვიზიტორები კი, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შავ სიაში შეჰყავთ.