სასამართლომ მოლდოვას ყოფილ პრემიერ-მინისტრს 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

მოლდოვას სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვლად ფილატს 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის მტკიცებით, ფილატმა ერთ-ერთი ბიზნესმენისგან ქრთამის სახით 250 მილიონი დოლარი აიღო და მას უფლება მისცა, მოლდოვას ერთ-ერთ მთავარ ბანკზე კონტროლი დაემყარებინა.

მოლდოვური მედიის ცნობით, 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე აღნიშნული ბანკიდან 1 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა გაქრა. თავად ფილატი ყველა ბრალდებას უარყოფს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ვლად ფილატი 15 ოქტომბერს, პარლამენტის შენობაში დააკავეს.

ფილატი მოლდოვას პრემიერ-მინისტრის პოსტს 2009-2013 წლებში იკავებდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.