30-წლიანი განუკითხაობა თაფლის ბაზარზე

სახელმწიფო ქართველი მეფუტკრეების რეალურ მხარდაჭერას იწყებს?

საქართველოში თაფლის წარმოებისთვის უნიკალური კლიმატური პირობებია. ქართული თაფლის ძირითადი ნაწილი სამეგრელოში, კახეთსა და აჭარაში იწარმოება, თუმცა თაფლი მოჰყავთ იმერეთში, ქართლში, გურიაში და საქართველოს სხვა კუთხეებშიც - ძირითადად, წვრილ ოჯახურ მეურნეობებში, რის გამოც მისი პროდუქტიულობა დაბალია - 1 სკაზე 11-12 კგ-ს უტოლდება. თაფლი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პოტენციალის მქონე საექსპორტო პროდუქტია, თუმცა ევროპაში ის თითქმის არ გააქვთ. ქართული თაფლი საექსპორტოდ ძირითადად დსთ-ს სივრცეში გადის, ასევე საუდის არაბეთში, ჩინეთში, კორეასა და სხვა ქვეყნებში. თაფლი საქართველოში სხვა ქვეყნებიდანაც შემოაქვთ, რომელთა შორის პირველ ადგილზე უკრაინაა, მერე მოდის გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი და აშ...

საქართველოში თაფლის წარმოების განვითარების მიზნით "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა" ამოქმედდა.

სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კოოპერატივებს გადაეცემათ მათ ბალანსზე არსებული სკების იდენტური რაოდენობა, ოღონდ, არაუმეტეს 100 ცალისა, ღირებულების 30%-ად, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია პროგრამაში მონაწილე კოოპერატივების მიერ წარმოდგენილ თაფლის ერთ ნიმუშს უფასოდ ჩაუტარებს ლაბორატორიულ შემოწმებას. ამის თაობაზე "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს" ხელმძღვანელმა, გიორგი მიშელაძემ გვითხრა, რომ საქართველოს მთავრობამ ეს პროგრამა მიმდინარე წლის 7 სექტემბერს დაამტკიცა: "შესაბამისად, ჩვენ უკვე დავიწყეთ საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც უკვე შევხვდით მეფუტკრე ფერმერებს და პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს. მათ შეუძლიათ ცალკე კოოპერატივები შექმნან, ან უკვე არსებულ კოოპერატივებში გაწევრიანდნენ. უკვე დაწყებულია ელექტრონული რეგისტრაცია, რომელიც 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება. იმ მეფუტკრეებს, რომლებსაც პროგრამაში მონაწილეობის მიღების სურვილი აქვთ, თბილისში ჩამოუსვლელად, ელექტრონულად შეუძლიათ დარეგისტრირება ჩვენს ვებგვერდზე. თავიანთი დოკუმენტები იქ უნდა ატვირთონ და შესაბამისად განაცხადი გააკეთონ. კოოპერატივებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ მათ მიერ წარმოებული თაფლი უსასყიდლოდ შეამოწმონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში და ეცოდინებათ, აკმაყოფილებს თუ არა სტანდარტებს მათ მიერ წარმოებული პროდუქცია. ამასთანავე, გაეწევათ კონსულტაცია და ტრენინგებიც ჩაუტარდებათ. გარდა ამისა, გადაეცემათ სკები ღირებულების 30 პროცენტის თანამონაწილეობით, დანარჩენ 70%-ს ჩვენ დავფარავთ. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მაღალმთიანი რეგიონის კოოპერატივებს, თუ იქ არის მინიმუმ 5 მეპაიე და აქვთ სულ ცოტა 30 სკა, ხოლო დანარჩენ საქართველოში - მინიმუმ 11 მეპაიე და სულ ცოტა, 60 სკა, მაგრამ დაურიგდებათ არაუმეტეს 100 სკისა. სკების რაოდენობა საპაიო შენატანზეა დამოკიდებული."

გიორგი მიშელაძის თქმით, თაფლს აქვს ყველაზე დიდი პოტენციალი, რომ ყველაზე ადრე გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე. ამიტომ, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ქართული პროდუქცია მაღალი ხარისხისა იყოს.

"დღესდღეობით, პირდაპირ ევროპის ბაზარზე ქართული თაფლი იშვიათად გადის, ეს უფრო თურქეთის, აზერბაიჯანის, ისრაელის, ან სხვა ქვეყნების გავლით ხდება. სასურველია სიტუაცია შეიცვალოს, რასაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, რომელიც მომავალი წლის I კვარტალში უკვე აკრედიტებული იქნება. იანვრამდე კი, უფასოდაც შეგვიძლია შევამოწმოთ მეფუტკრეების მიერ მოტანილი თაფლის ნიმუშები. ჩვენი ლაბორატორიის მიერ გაცემული დასკვნა მეფუტკრეებს ევროპის ქვეყნებშიც გამოადგებათ და აღარ დასჭირდებათ სხვა ქვეყნების ლაბორატორიებს მიმართონ. თუ ქართული თაფლი ევროპის ბაზარზე გავა, იქ იმდენად მკაცრი მოთხოვნები აქვთ, რომ ქართულ თაფლს მთელი მსოფლიო მიიღებს", - ამბობს მიშელაძე.

შპს "მეთაფლიას" დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა როლანდ ზირაქიშვილმა კი გვითხრა, რომ სკა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს, მეფუტკრეს 120 ლარი და მეტიც უჯდება, ამიტომ, სკების დარიგება დიდი შეღავათი იქნება მათთვის. "ხშირად მეფუტკრეები ამ თანხას ვერ წვდებიან და ცდილობენ სკა თვითონ გააკეთონ, რაც ხშირ შემთხვევაში ცუდად მთავრდება: ან უხარისხო სკებს ამზადებენ, ან ისეთ სპეციალისტებს აძლევენ შეკვეთებს, რომლებიც ვერ ამზადებენ სტანდრატულ სკებს. შემდეგში მეფუტკრეებს უჭირთ ასეთ სკებთან მუშაობა და მათი შრომის ნაყოფიერებაც დაბალია. ხშირ შემთხვევაში მათ ხელმეორედ უწევთ სკების გადაკეთება, ამიტომ, ვფიქრობ, რომ კოოპერატივების სააგენტოს ინიციატივა დროულია. როგორც ვიცი, ტრადიციული ხის სკები უნდა დარიგდეს, სხვა მასალაც შემოგვთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვით", - აღნიშნა როლანდ ზირაქიშვილმა.

მისი აზრით, თაფლი უხარისხო გამოდის მაშინ, თუ საფუტკრეში ჰიგიენური პირობები არ არის დაცული, სკები ანტისანიტარიულ გარემოშია, ან დამაბინძურებელ ქიმიურ საწარმოსთან ახლოსაა, ან იმ ტერიტორიას შხამქიმიკატებით ამუშავებენ და ა.შ...

რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში მეტია ალბათობა, რომ პროდუქცია დაბინძურდეს. ასეთ ადგილებს მეფუტკრემ თავისი ნაწარმი უნდა მოარიდოს, რადგან იქ მოწეული თაფლი სტანდარტებს ვერ უპასუხებს: "ჩვენი თაფლი ძირითადად ყოფილი დსთ-ის ქვეყნებში გადის. როგორც ვიცი, აზერბაიჯანში გადის არალეგალურად, თურქეთშიც, მაგრამ ეს სულ რამდენიმე ტონაა და განსაკუთრებით არ აისახება ბაზრის მდგომარეობაზე. ისედაც, ჩვენს ქვეყანაში თაფლის დიდი რესურსი არ არის, რადგან ეს პროდუქტი წვრილ ოჯახურ მეურნეობებში იწარმოება. მსხვილი მეფუტკრეები, რომლებსაც 500 და უფრო მეტი ფუტკრის ოჯახი აქვთ, საქართველოში ცოტანი არიან. არადა, სწორედ მსხვილმა მეურნეობებმა უნდა მოახერხონ ხალხის დასაქმება, მათ უნდა შექმნან საერთო ფონი თაფლის ბაზარზე. ზოგჯერ საქართველოში თაფლის დეფიციტიც არის ხოლმე და ამ დროს ის სხვა ქვეყნებიდან შემოაქვთ. ჩვენი თაფლის ბაზარი შეისწავლეს ფრანგმა სპეციალისტებმა და აღმოაჩინეს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ქართველი მომხმარებელი ჩინურ, მექსიკურ, სამხრეთ ამერიკულ თაფლს, როგორც ქართულს, ისე ყიდულობდა. ეს დაუშვებელია: როდესაც უცხო ქვეყანაში დამზადებული თაფლი იყიდება როგორც ქართული, ეს მომხმარებლის უფლების დარღვევაა, მან სიმართლე უნდა იცოდეს".

ზირაქიშვილის აზრით, ქართულ ბაზარზე უხარისხო და ფალსიფიცირებული თაფლის წილი ძალიან მაღალია: "კარგია, რომ 2015 წლიდან ქვეყანაში ლაბორატორია ამოქმედდება, მაგრამ მხოლოდ ლაბორატორია ყველაფერს ვერ გამოასწორებს: საქართველოში შესაბამისი კანონი არ მუშაობს და ფალსიფიკატორებსაც არავინ სჯის. როდესაც ქვეყანაში ფალსიფიკაციის დონე 30%-მდეა, ამის გამო ვიღაც ხომ უნდა დაისაჯოს? უკვე 30-40 წელია თაფლის ბაზარზე ასეთი განუკითხაობაა. ფალსიფიკაციის დროს შეიძლება ე.წ. თაფლში ისეთი ნივთიერებები შეურიონ, რომელიც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამ ყველაფერს მიხედვა და გამოსწორება უნდა", - ამბობს შპს "მეთაფლიას" დამფუძნებელი.

ხათუნა ჩიგოგიძე