ბათუმის ნავთობტერმინალი: კომპანიის ლიკვიდაცია გეგმური გადაწყვეტილება იყო

სააქციო საზოგადოება "ყაზ-ტრანს-ოილის" დირექტორთა საბჭომ კომპანია "ბათუმი-ტერმინალს ლიმიტედის" ნებაყოფლობითი ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება 2015 წლის 14-15 ოქტომბერს მიიღო, - ამის შესახებ განცხადებას ბათუმის ნავთობტერმინალი ავრცელებს.  როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს იყო გეგმური გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავს, ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის პორტს შორის მართვის შუალედური დონეების შემცირებას.

ნავთობტერმინალის განმარტებით, რესტრუქტურიზაცია მიმართულია კორპორაციული მართვის სისტემის სრულყოფისკენ და "ბათუმი ტერმინალს ლიმიტედ"-ის ლიკვიდაცია დაკავშირებული არ არის შპს "ბათუმის ნავთობტერმინალის" და მისი მმართველობის ქვეშ მყოფი შპს "ბათუმის საზღვაო პორტის" სამეურნეო-საწარმოო საქმიანობასთან: "ეს გეგმური გადაწყვეტილება მიღებულია სააქციო საზოგადოება "ყაზ-ტრანს-ოილის" მიერ 2008 წლიდან კომპანიის "ბათუმი ტერმინალს ლიმიტედ"-ის ჯგუფის აქტივების სტრუქტურის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული მუშაობის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სააქციო საზოგადოება "ყაზ-ტრანს-ოილსა და საქართველოში ძირითად საწარმოო აქტივებს შპს "ბათუმის ნავთობტერმინალსა" და შპს "ბათუმის საზღვაო პორტს" შორის მართვის შუალედური დონეების შემცირებას. შედეგად კომპანია "ბათუმი ტერმინალს ლიმიტედ"-ის ლიკვიდაციის შემდეგ, ჯგუფის მართვა განხორციელდება პირდაპირ შპს "ბათუმის ნავთობ ტერმინალის" მიერ, რომლის პარტნიორი სააქციო საზოგადოება "ყაზ-ტრანს-ოილი" გახდება. რესტრუქტურიზაცია მიმართულია კორპორაციული მართვის სისტემის სრულყოფის, ასევე მისი ეფექტურობის ამაღლებისა და გამჭვირვალობისკენ. კომპანია "ბათუმი ტერმინალს ლიმიტედ"-ის ლიკვიდაცია დაკავშირებული არ არის შპს "ბათუმის ნავთობტერმინალის" და მისი მმართველობის ქვეშ მყოფი შპს "ბათუმის საზღვაო პორტის" სამეურნეო-საწარმოო საქმიანობასთან. ამ კომპანიების ოპერაციული საქმიანობა ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში ხორციელდება", - აღნიშნულია განცხადებაში.