ნოდარ ხადური საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს აცნობს

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს აცნობს. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტი დღეს შემაჯამებელ სხდომას მართავს.  როგორც ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ნოდარ ხადურმა აღნიშნა, დოკუმენტის შემუშავებისას მხედველობაში იქნა მიღებული მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი, ასევე მომავალი წლის პროგნოზი. პროექტის წარდგენის შემდეგ ფინანსთა მინისტრი კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხებს.

აღსანიშნავია, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღესვე მოისმენს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებს. პროცედურის მიხედვით, საკომიტეტო განხილვების დასრულების შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მთავრობას უკან დაუბრუნდება. ამის შემდეგ დოკუმენტი დასამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოში თავიდან შემოვა.