ჯართის ფასი დაეცა

ბოლო ორი კვირაა ჯართის ფასი კატასტროფულად დაეცა. ჯართის ჩამბარებელ პუნქტებში 1ტონა ჯართს 150-200 ლარად იბარებენ. მანამდე, რამდენიმე კვირით ადრე კი მისი ფასი 300 ლარს აღწევდა.

ჯართით მოვაჭრეთა თქმით, ექსპორტი მინიმუმამდე დაეცა, რამაც ფასის კლება გამოიწვია და ეს ბიზნესი საქართველოში დღითიდღე წამგებიანი ხდება. „წლებია ამ სისტემაში ვმუშაობ და მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჯართი კი არ უნდა ბარდებოდეს, ადგილზე უნდა მუშავდებოდეს და რაღაც სასიკეთო იქმნებოდეს. ჩვენ ვცხოვრობთ დღევანდელი დღით. ამ დროს კი ჩვენი ნედლეულით სხვა ქვეყნები მდიდრდებიან. წარმოგიდგენიათ რამხელა ზარალია ეს ყველაფერი პატარა ქვეყნისათვის?! ეს სერიოზული დანაშაულია, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს“, - აცხადებენ ჯართის ჩამბარებელ პუნქტებში.

ჯართის ჩამბარებელ პუნქტებში ამბობენ, რომ ყველა დასახელების ჯართზე მოთხოვნა 60-70%-ით შემცირდა.

„საქართველოში ჯართის ბიზნესმა აზრი დაკარგა. ფასი დაბალია და შესაბამისად, შესყიდვაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. ჯართის მიმღებ პუნქტებში 10-12 ტონა ჯართს იბარებდნენ, ახლა 2-3 ტონა ძლივს იღებენ. თურქეთს მოჭარბებულად აქვს საქართველოდან გატანილი ჯართი და ახლა პაკისტანი და ინდოეთი დაინტერესდნენ ამ ბიზნესით“, - აცხადებენ ჯართით მოვაჭრეები.

ჯართის ბიზნესი საქართველოში 15 წელს ითვლის, ფერადი ლითონების ბიზნესი 25 წელზე მეტს აღწევს. ამ წლების განმავლობაში ჯართის ბიზნესი წარმატებულ საქმიანობად მიიჩნეოდა. ახალ კი როგორც ამ ბიზნესით დაკავებული ადამიანები ამბობენ, ჯართითა და ფერადი ლითონებით ვაჭრობა წამგებიანი გახდა. ამბობენ, რომ ბაზარზე პრობლემები ისედაც იყო და სავალუტო კრიზისის გამო მდგომარეობა ორმაგად გაუარესდა. პრობლემა აქვთ ჯართის შემგროვებლებსაც. ისინი ამბობენ, რომ მოსახლეობისგან შესყიდული უვარგისი ტექნიკის რაოდენობა დღითიდღე მცირდება. „მოსახლეობისგან ჯართს 15 თეთრად ვყიდულობთ და ჯართის ჩამბარებელ პუნქტებში 7 თეთრს გვიმატებენ. დაუღალავად ვმუშაობთ, მაგრამ არაფერი გამოგვდის“, - ამბობს სერგო დანელიანი.

თიკო გურაშვილი