კოხტაგორაზე წელს ახალი საბაგირო გაიხსნება

კოხტაგორაზე წელს მოთხილამურეებს ახალი საბაგირო გზა და ახალი ტრასები დახვდებათ.

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „პალიტრა ტვ“-ს გადაცემა ”საქმეში” განაცხადა.

მისივე თქმით, წელს ასევე იგეგმება ტრასების გაკეთება მიტარბის მიმართულებით.

”ბატონ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით ჩვენ საკმაოდ დიდი ინვესტიციების განხორციელება დავიწყეთ მთის ინფრასტრუქტურაში. მოხდა ხელოვნური გათოვლიანების სიტემის შექმნა როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ წელს ჩვენ ყველა მოთხილამურეს კვლავ ვეპატიჟებით კოხტაგორაზე. კოხტაგორაზე გვექნება ახალი საბაგირო და ახალი, გაუმჯობესებული ტრასები. მომავალ წელს კი ვგეგმავთ მიტარბის მიმართულებით ტრასების გაკეთებას”,- აღნიშნა გიორგი ქუმსიშვილმა.

მისი ინფორმაციით, განიხილება კობისა და სვანეთის მიმართულებით მუშაობა. ”ჩვენ განვიხილავთ კობის მიმართულებას გუდაურთან მიმართებაში. არ შემიძლია არ აღვნიშნო სვანეთის მიმართულება - თეთნულდი, სადაც მე ვიმედოვნებ, რომ წელს ასევე გავხსნით სეზონს და მოთხილამურეებს სრიალის შესაძლებლობა ექნებათ”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ყოველივე ეს ქვეყანას მნიშვნელოვან სამუშაო ადგილებსა და შემოსავალს მოუტანს.

”ყველაფერი ეს ჯამში გვაძლევს იმ სამუშაო ადგილებს, იმ შემოსავალს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.