ნოდარ ხადური OECD-ის საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის დირექტორს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია OECD-ის საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის დირექტორს პასკალ სან-ამანსის შეხვდა, რომელიც საქართველოში OECD-ის რეგიონალური ფორუმის ფარგლებში იმყოფება.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური შეხვედრის თბილისში ორგანიზებისთვის და გამოცდილების გაზიარებისთვის, ასევე დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადაქაჩვის (BEPS) შედეგებისა და მათი იმპლემენტაციის საკითხების განხილვისთვის.

"საქართველო აქტიურადაა ჩართული ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფისკალურ საქმეთა კომიტეტის საქმიანობაში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ასევე არის გამჭირვალობისა და ინფორმაციის გლობალური ფორუმის შემფასებელთა ჯგუფის წევრი და მონაწილეობას იღებს ფორუმის საქმიანობაში, ახალი სტანდარტების შემუშავებისა და მათი შეფასების სისტემების შექმნაში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო გააგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საგადასახადო პოლიტიკის გაუმჯობესებას. შეხვედრაზე OECD-ის საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა მადლობა გადაუხადა ფინანსთა მინისტრს საქართველოსა და OECD-ს შორის პარტნიორობისთვის, ასევე თბილისში რეგიონალური ფორუმის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის. მისი თქმით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია მზადაა გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოსთან. შეხვედრას ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი დაესწრნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.