ლევილის შატოს მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პროცედურები დაიწყება

სადიაგნოსტიკო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ლევილის შატოს მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პროცედურები დაიწყება. ამის შესახებ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ დღეს საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" აპარატის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. ლევილის მამულზე საუბრისას, მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა მიღწეულ პროგრესზე და საკითხთან დაკავშირებით შექმნილ კომისიაში იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ჩართვა ეფექტურად შეაფასა. "ლევილის მამულის საკითხთან დაკავშირებით, ქართულმა სახელმწიფომ ამ ეტაპზე ყველაფერი გააკეთა, რომ ღირსეულად გაგრძელდეს გადმოცემის პროცესი და მიყვანილ იქნას ლოგიკურ წერტილამდე. საფრანგეთში ჩასვლა და მარტო ლევილის მამულზე საუბარი განყენებულად არ ხდება, მშვენიერი გამოფენა ჩატარდა ცისფერ გალერეაში, რომელიც საქართველოს პირველ რესპუბლიკას ეძღვნება. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ საერთო წინაპრების ანდერძი დამოუკიდებელი საქართველოსთვის ლევილის მამულის გადმოცემის თაობაზე, დასკვნით წერტილამდე მივიდეს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წინასწარი დიაგნოსტიკური ტექნიკური შეფასების დამთავრების შემდეგ იქნება წარმატებით განხორციელებული ბოლო დეტალამდე მიღებული ლევილის საზოგადოების მხრიდან, რასაც ლოგიკურად, ალბათ უნდა მოჰყვეს ხელმოწერა გადმოცემისათვის. 12 წელი გრძლდება ეს პროცესი და ბოლო თვეების განმავლობაში მიღწეული ურთიერთნდობის ხარისხი მაღალია. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ლოგიკური წერტილი დაისვას", - აღნიშნა გელა დუმბაძემ.

მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ლევილის შატოს მამულისა და ქონების საქართველოსთვის გადაცემის საკითხზე შექმნილია სამთავრობო კომისია, რომელსაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ხელმღვანელობს. კომისიას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაემატა. 2015 წელს, საფრანგეთში ლევილის შატოს მამულისა და ქონების საქართველოსთვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის სამი სხდომა გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, სარეზერვო ფონდიდან 107 200 ევრო გამოიყო ლევილის შატოს მამულის სადიაგნოსტიკო სამუშაოებისთვის. სამუშაოებს ფრანგი არქიტექტორი რიშარ საბატიე წარმართავს.