ნოდარ ჯავახიშვილმა სამინისტროს სამი წლის საქმიანობის შედეგები წარადგინა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა სამინისტროს სამი წლის საქმიანობის შედეგები წარადგინა. ანგარიშის პრეზენტაცია ისტორიულ მუზეუმ "ქარვასლაში" გაიმართა.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან დღემდე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, ასევე ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილ პრობლემებზე და რეგიონული განვითარების თვალსაზრისით განხორციელებულ ღონისძიებებზე.  ანგარიშის წარდგენისას ნოდარ ჯავახიშვილმა ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, გზების რეაბილიტაციაზე, ჩქაროსნულ მაგისტრალებზე, წყლისა და წყალარინების პროექტებზე, ნაგავსაყრელის მოწყობებზე და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ პროექტებს, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი E60 ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა, სოფელ დართლოს რეაბილიტაცია, ხევსურეთში როშკა-არხოტის გზის მშენებლობა, კურორტ "წყალტუბოს" რეაბილიტაცია და ა.შ.

"ეს არის ყველა ის ძირითადი მიმართულება, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს. ნამდვილად ბევრი საქმეა გაკეთებული ამ 3 წელიწადში, მაგრამ რასაკვირველია, ეს არ არის საკმარისი. ზუსტად ამ იდეით ვაპირებთ ხვალინდელი დღის გაგრძელებას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს არასდროს იქნება საკმარისი, მაინც ეს იქნება დამატებითი სტიმული იმისთვის, რომ კიდევ უკეთესად ვიმუშაოთ", - განუცხადა ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს.

ღონისძიებას საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.