ნოდარ ჯავახიშვილი: რიკოთ-არგვეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დაფინანსების საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს

რიკოთ-არგვეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ინვესტორებისგან წარმოდგენილი წინადადებები განიხილეს, თუმცა ის მიუღებელი აღმოჩნდა.  "შემდეგ კონსორციუმთან მქონდა გამეორებითი შეხვედრა და მე შევთავაზე, რომ შეცვალონ მიდგომები და აუცილებლად გაითვალისწინონ გარკვეული პასუხისმგებლობა ინვესტორის, იმიტომ რომ ორივე მათგანს უნდა, 100%-იანი პასუხისმგებლობა იყოს საქართველოს სახელმწიფოს მხარეს. რასაკვირველია, ჩვენ ასეთ პროექტს არ დავთანხმდებით. მითუმეტეს, რომ ვგრძნობ ჯერ არ მაქვს ოფიციალური პასუხი, რომ შემობრუნდა დონორთა საზოგადოება და არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ ისინი დავითანხმოთ ახალი გზის მშენებლობაზე", - განაცხადა ჯავახიშვილმა.

მისივე თქმით, დონორების სურვილი იყო, რომ მომხდარიყო არსებული გზის რეაბილიტაცია. "ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ გაკეთებულიყო პარალელური გზა, რომელიც, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში, შეიძლებოდა გამხდარიყო ფასიანი და რაც მთავარია, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი; ჩვენ გვექნებოდა გაცილებით მეტი გარანტია გზის თვალსაზრისით, ვიდრე ეს დღეს ან ოდესმე გვქონია. ვგრძნობ, რომ დონორებმა, ცოტა შეიცვალეს დამოკიდებულება, ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ უახლოეს დღეებში დონორებთან განვაახლოთ ურთიერთობა, თუმცა ერთი მეორეს არ გამორიცხავს. მუშაობა მიმდინარეობს იმ მიმართულებითაც", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.