პროკურორი არ გამორიცხავს, რომ წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი დირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი პასუხისგებაში მიეცეს

წყალმომარაგების კომპანიიდან თანხის მითვისების საქმეზე პროკურორი მაია სილაგაძე არ გამორიცხავს, რომ კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი პასუხისგებაში იქნეს მიცემული.

როგორც წყალმომარაგების კომპანიის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესის დაწყებამდე პროკურორმა განაცხადა, ამ საქმიდან გამოყოფილ საქმეზე კვლავ გრძელდება გამოძიება, რომელიც შესაძლოა ნებისმიერი პირით დაინტერესდეს.  "ამ საქმიდან გამოყოფილ საქმეზე თამარ ფხოველიშვილისა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად მონაწილეობდნენ თუ არა სხვა პირები დანაშაულის ჩადენაში, მიმდინარეობს გამოძიება. ტარდება არაერთი საგამოძიებო მოქმედება და იმ შემთხვევაში, თუ იქნება მოპოვებული საქმისთვის საკმარისი მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ამ ეტაპზე წინასწარ შედეგებზე საუბარი ნაადრევია", - განაცხადა მაია სილაგაძემ.

რაც შეეხება საქმის მიმდინარეობას, პროკურორის ინფორმაციით, განხილვების დროს უკვე დაიკითხა ბრალდების მხარის 40-მდე მოწმე და დასაკითხია 50-მდე პირი. წყალმომარაგების კომპანიიდან 3 მილიონამდე თანხის მითვისების საქმეზე ბრალდებულია კომპანიის მთავარი ბუღალტერი, მისი მეუღლე და კიდევ ერთი პირი.