"მსოფლიო ბანკი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას პრიორიტეტული სექტორების განვითარების დაფინანსების კუთხით"

მსოფლიო ბანკი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას პრიორიტეტული სექტორების განვითარების დაფინანსების კუთხით, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სირილ მიულერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა იმ პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომლებიც გზების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, რეგიონული და მუნიციპალური განვითარების მიმართულებით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღემდე, მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი სუვერენული დაფინანსება საქართველოში, დაახლოებით 2.4 მილიარდ აშშ დოლარს წარმოადგენს, მიმდინარე საინვესტიციო პროექტების მოცულობა დაახლოებით 580 მლნ აშშ დოლარია, ხოლო მთავრობის რეფორმების მხარდაჭერისთვის 2015 წელს 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოიყო.

მხარეებმა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის არსებული თანამშრომლობა სამაგალითოდ შეაფასეს და მისი შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვეს.  სირილ მიულერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი წარუდგინა. შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია დაესწრნენ.