ქალთა კოოპერატივი "ალვანი" ჩურჩხელის წარმოებას იწყებს

ქალთა კოოპერატივი "ალვანი" ჩურჩხელის წარმოებას იწყებს. ENPARD-ის ინფორმაციით, პროგრამა მხარს უჭერს ფერმერ ქალებს.  მათივე ცნობით, ჩურჩხელის წარმოების გახსნის ცერემონია კოოპერატივ "ალვანის" ფერმერულ მეურნეობაში ხვალ გაიმართება.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გახნას დაესწრებიან სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ოფიციალური პირები, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, ENPARD-ის პროგრამის წარმომადგენლები.

"ქალთა კოოპერატივი "ალვანი" 2014 წელს დაარსდა "ომის ქვრივთა ასოციაციის" წევრების მიერ. კოოპერატივმა მიიღო ხელშეწყობა ENPARD-ის მიერ განხორციელებული ბიუჯეტის მხარდაჭერის სქემის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და შემოსავლების ზრდას ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მდგრადი სტრუქტურის პოპულარიზაციის მეშვეობით. "ალვანის" წარმომადგენლებმა მიიღეს ბიზნესის დაგეგმარებისა და ორგანიზაციული განვითარების ტრეინინგები, ისევე როგორც სოფლის მეურნეობის სფეროს ექსპერტების ტექნიკური რჩევები. ტრეინინგები დაეხმარა ქალებს კოოპერატივის მართვის მეთოდების უკეთ გააზრებაში, პასუხისმგებლობებისა და როლების სწორად გადანაწილების კუთხით, ისევე როგორც რესურსების ეფექტური გზით და სამართლიანად მიმართვის საქმეში. "ალვანის" წარმომადგენლებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს 2015 წელს, ბრიუსელში, კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენაში ENPARD-ის ფინანსური დახმარების მეშვეობით. გახსნის ცერემონიისას მოხდება 2000 ჩურჩხელის წარმოება. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, თავად გაეცნონ წარმოების მეთოდებს ჩურჩხელის ამოვლების პროცესში მონაწილეობის გზით. ასევე, ადგილზე გაიმართება "ალვანის" კოოპერატივის ქალი ფერმერების მიერ წარმოებული სასოფლო-სამურნეო პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია", - აცხადებენ ორგანიზაციაში.