"სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი" უკანონოდ ქონებაჩამორთმეულთა საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი" უკანონოდ ქონებაჩამორთმეულთა საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი 2013 წლიდან დღემდე აქტიურად მუშაობს უკანონოდ ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე, ჩვენი ორგანიზაციის მიერ არაერთი საქართველოს მოქალაქის საქმე იქნა შესწავლილი ამ პერიოდში. "მოგეხსენებათ, 2013 წელს, როდესაც ხელისუფლების ცვლილება განხორციელდა, ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო თუ სხვა სამართლებრივი ნაბიჯი იქნა გადადგმული. სწორედ აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ცვლილებების კვალდაკვალ არაერთმა საქართველოს მოქალაქემ მიმართა როგორც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, ასევე საქართველოს პროკურატურას, რათა მოხდეს მათი საქმეების ხელახლა შესწავლა და ჭეშმარიტების დადგენა.

პროცესი, რომელიც დაწყებულია 2013 წლიდან, ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად ცდილობენ ამ პირების სამართლებრივ დახმარებას. სწორედ აქედან გამომდინარე, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრს 25 სექტემბერს მომართა ჯგუფმა, რომლებიც 2006 წელს ფლობდნენ კერძო ბიზნესს, რომლის საერთო ღირებულება შეადეგენდა 60 მილიონ აშშ დოლარს. სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა 25 სექტემბრიდან აქტიურად დაიწყო მოცემული საქმის კვლევა, რასთან დაკავშირებითაც მნიშვნელოვანი ნიუანსები იქნა აღმოჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ საქმე ბოლომდე არ არის შესწავლილი, რადგან საქმე მართლაც რომ მოცულობითია. აქედან გამომდინარე, ორგანიზაციამ გადაწყვიტა საზოგადოების ინფორმირება მოახდინოს ეტაპობრივად, რათა თითოეული დეტალის მიმართ ყურადღება იქნას მაქსიმალურად გამახვილებული.

მოკლედ, წარმოგიდგენთ მონაცემებს, რომლის დამუშავებაც განხორციელდა:

• 1991 წელს ჩამოყალიბდა საწარმო-გაერთიანება "საქტრანსგაზი", რომლის ერთ-ერთი სამმართველოც იყო სს "ავტოგაზი".

• 1996 – 1997 წლებში საქტრანსგაზი გადაკეთდა სააქციო საზოგადოებად "ავტოგაზი", სადაც 100% წილს ფლობდა სახელმწიფო.

• 1998 წელს საწარმოს წილის 52%, ხოლო 1999 წელს დარჩენილი 48% გამოისყიდეს "ავტოგაზის" თანამშრომლების ნაწილმა, რის მერეც 100%-იან წილს ფლობდნენ და შესაბამისად, მათ საკუთრებაში გადავიდა ავტოგაზზე რიცხული ქონება - 5 სტაციონალური გაზგასამართი სადგური.

• 1999- 2006 წლებში განავითარეს სააქციო საზოგადოება და 2006 წლისთვის 13 სტაციონალურ და 15 მოძრავ სადგურს ფლობდნენ. ასევე "ავტოგაზი იყო რამდენიმე გაზგასამართი კომპანიის 50%-80%-იანი წილის მფლობელი. მთლიანად სს "ავტოგაზი" -ს სავარაუდო ფასი იყო 60 000 000 $ (სამოცი მილიონი დოლარი).

მოცემული ინფორმაცია არის მეტად მოკლედ წარმოდგენილი, რადგან ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვანია ქრონოლოგიურად იქნას მოწოდებული ინფორმაცია. რაც შეეხება მომდევნო კვლევის შედეგების გაცნობას, სავარაუდოდ რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდება. ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ მოცემული ინფორმაცია საგულისხმო იქნება სახელისუფლებო ინსტიტუტებისთვისაც",- ნათქვამია განცხადებაში.