"რუსთავი 2" და ძმები ყარამანიშვილები ქიბარ ხალვაშისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ

ტელეკომპანია "რუსთავი 2" და მისი მფლობელები ძმები ყარამანიშვილები სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ, - აღნიშნული შუამდგომლობა მიმდინარე სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა დააყენეს.

კერძოდ, "რუსთავი 2" ითხოვს ყადაღის შემდეგ მიყენებული ზიანის, 700 000 ამერიკული დოლარის საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანას ქიბარ ხალვაშის მიერ. "რუსთავი 2"-ის მფლობელები ძმები ყარამანიშვილები კი ზიანის სახით მიყენებული 400 000 აშშ დოლარის იგივე ანგარიშზე შეტანას ითხოვენ.  როგორც მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა განაცხადეს, აღნიშნული თანხით სარგებლობა ახლა არ მოხდება. მათი განცხადებით, დავის მათ სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში ეს იქნება გარანტი, რომ მათ მიყენებული ზიანი აუნაზღაურდეთ.

მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სამომავლოდ რა ზიანი შეიძლება მიადგეს ტელეკომპანიას და მის მფლობელებს, ამას მომდევნო 10 დღის ვადაში დაიანგარიშებენ.  მოპასუხე მხარის შუამდგომლობაზე საპასუხოდ მოსარჩელეებმა დრო ითხოვეს, რათა ჩამოყალიბდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ოდენობის ზიანი რეალობას არ შეესაბამება. ქიბარ ხალვაშის ადვოკატები აღნიშნულ შუამდგომლობას ორშაბათს უპასუხებენ.

აღნიშნულ განჩინებას მოსამართლე თამაზ ურთმელიძე ორშაბათს გამოაცხადებს.