ვალერი კვარაცხელია: საქართველოს ევროკავშირთან ვალდებულებები გააჩნია, რომელთა შორის წამლის ხარისხის კონტროლია

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით, ახალი სტანდარტის დამკვიდრებას გეგმავს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრ დავით სერგეენკოს მიაჩნია, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, და მეტი სტიმული ადგილობრივ წარმოებას მიეცეს. თუმცა, იმისათვის, რომ ზემოთ აღნიშნული განხორციელდეს, აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია და რეალური შედეგები ცნობილი მალე გახდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ვალერი კვარაცხელია აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირთან გარკვეული ვალდებულებები გააჩნია, რომელთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წამლის ხარისხის კონტროლის საკითხია.

"ვალდებულებებიც რომ არ არსებობდეს, ფარმაცია ისეთი სათუთი სფეროა, რეგულაციის გარეშე შეუძლებელია ნორმალურად ფუნქციონირებდეს, რაც სახელმწიფოსთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის საკმაოდ დიდი რისკი იქნებოდა. ქვეყნებმა, რომლებმაც სწორედ ეს გზა გაიარეს, უკვე შეიმუშავეს შესაბამისი თავდაცვითი და ხარისხის კონტროლის მექანიზმები, რომელთა ჩვენს სივრცეში გადმოტანა და ადაპტირებაა აუცილებელი. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კონსულტანტებთან ერთად ცდილობს იმ რეგულაციებს მივუახლოვდეთ, რაც არსებობს ევროკავშირის ქვეყნებში. რაც შეეხება მოსალოდნელ ცვლილებებს, ეს საკმაოდ რთული საკითხია. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცვლილებები შეგვეტანა წამლის შესახებ კანონში, რომელსაც უახლოეს მომავალში შევთავაზებთ საზოგადოებას", - განმარტავს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია.

რაც შეეხება ჯენერიკ მედიკამენტებს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მასში საეჭვოს ვერაფერს ხედავს. "ჯენერიკ მედიკამენტები ფარმაკომპანიებს აქამდეც შემოჰქონდათ და მომავალშიც შემოიტანენ. მხოლოდ ორიგინალი და ბრენდული პრეპარატების იმპორტი რომ ხდებოდეს ქვეყანაში, რა ფასებიც დღეს არსებობს, მასზე 5-ჯერ მეტი იქნებოდა. ზოგიერთმა ქვეყანამ, სადაც ორიგინალი პრეპარატები გადიოდა ტენდერზე, აკრძალეს ეს მიდგომა და ორიენტაცია ჯენერიკებზე აიღეს, რითაც ხარჯები შეამცირეს. ჯენერიკებს თავისი პლიუსები აქვს თვითღირებულების მხრივ, ამიტომ ახალი ჯენერიკების შემოტანას ქვეყანაში არაფერი აბრკოლებს, პირიქით, მათი სპექტრი უნდა გაფართოვდეს. შესაბამისად, ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხის კონტროლი უნდა იყოს მაღალ დონეზე, რომელიც სწორედ ამ ტიპის წამლის ხარისხს გააკონტროლებდა. ამიტომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ლაბორატორია დაიწყებს ფუნქციონირებას", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.