რატომ ვერ აღმოაჩინეს ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე მონოპოლია

ერთწლიანი კვლევა და მრავალწლიანი ეჭვის დასასრული

საქართველოში წლების განმავლობაში საუბრობდნენ ფქვილისა და ხორბლის მაფიაზე, უსამართლო ფასებსა და ამ ბაზარზე არსებულ მონოპოლიაზე. კონკურენციის სააგენტოც თითქმის ერთი წელი იკვლევდა ამ საკითხს. კვლევა დასრულდა, თუმცა ბაზარზე მონოპოლისტების კვალი ვერ აღმოაჩინეს. მართალია, აზერბაიჯანულ კომპანია "კარატ ჰოლდინგს" პრივილეგირებული მდგომარეობა ჰქონდა, მაგრამ მას ბოროტად არ იყენებდა - ასეთია დასკვნა, რომელიც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. ბაზრის კვლევა სააგენტომ საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის განცხადების საფუძველზე დაიწყო. ასოციაცია მიიჩნევდა, რომ 2009 წლიდან მოყოლებული, აზერბაიჯანული კომპანია არასამართლიანი ფასით ოპერირებდა და კონკურენციის შესახებ კანონს არღვევდა, რაც ფქვილის ფასზეც აისახებოდა. მიუხედავად მასალის სიუხვისა, კონკურენციის სააგენტომ აზერბაიჯანული კომპანიის საქმიანობაში "კონკურენციის შესახებ" კანონის დარღვევის ნიშნები ვერ აღმოაჩინა. "ამავე დროს, საქართველოს მთავრობას წარედგინა რეკომენდაცია ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებისთვის", - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.

ამ დასკვნის და საერთოდ, ხორბლის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესახებ კომენტარი ვთხოვეთ წისქვილკომბინატების ასოციაციის თავმჯდომარეს ლევან სილაგავას.

- ბატონო ლევან, რას იტყოდით კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებულ დასკვნაზე?

- მათ დასკვნაში წერია, რომ აზერბაიჯანულ კომპანიას ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა ჰქონდა - 2013-2014 წლებში ფქვილის ბაზარზე მათმა წილმა ლამის 40 პროცენტს მიაღწია, კერძოდ, 39,5 პროცენტი იყო. 40-პროცენტიანი წილი ბაზარზე, სხვა პარამეტრებთან ერთად, უკვე დომინანტური მდგომარეობის ნიშანია. ჩვენ ვიყავით ბოლო შეხვედრაზე, სადაც ითქვა, რომ მათ შეეძლოთ ბაზრის მონოპოლიზება, მაგრამ ეს შესაძლებლობა ბოროტად არ გამოიყენეს და 40 პროცენტზე ზემოთ არ ასულან, თუმცა 2014 წლის ბოლოდან ფქვილისა და ხორბლის ბაზარზე მდგომარეობა თავისთავად შეიცვალა:  ჩვენ განცხადება 2014 წლის ოქტომბერში შევიტანეთ. ამ პერიოდში ბაზარზე შემოვიდა კომპანია "ჯეომილი". ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წისქვილკომბინატი, რომელმაც აზერბაიჯანულ ფირმას სერიოზული კონკურენცია გაუწია და ბაზარზე გარკვეული წილი წაართვა. ეს იმანაც გამოიწვია, რომ მათ უფრო დაბალი ფასები ჰქონდათ, აქედან გამომდინარე, სააგენტომ მიიჩნია, რომ "კარატ ჰოლდინგს" თავისი უპირატესობა არ გამოუყენებია. თუმცა, აქ არის კიდევ ერთი ნიუანსი: დასკვნას მოჰყვება ბრძანება, რომელიც კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეს ეკუთვნის. იქ წერია, რომ კონკურენციის სააგენტო საქართველოს მთავრობას წარუდგენს რეკომენდაციებს ფქვილის ბაზარზე მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით, ანუ გამოდის, რომ სიტუაცია ამ ბაზარზე არც ისე ჯანსაღი იყო? ჩემი აზრით, ეს დასკვნა ცოტა არ იყოს ბუნდოვანია. იმედია, მომავალში მაინც დააკვირდებიან, რომ ერთმა კომპანიამ მეორე არ დაჩაგროს და საქმიანობაში ხელი არ შეუშალოს.

- ესე იგი, "ჯეომილის" შემოსვლამ "კარატ ჰოლდინგის" პოზიციები შეასუსტა?

- დიახ, თუმცა გარდა "ჯეომილისა", დასავლეთ საქართველოში, ზუგდიდში არის კომპანია

"ფერერა", რომელიც ასევე გაძლიერდა, აქედან გამომდინარე, "კარმენის" წილი ბაზარზე სადღაც 30%-მდე დავიდა. ჩვენც ვეთანხმებით, რომ დღეს ამ კომპანიას არ უკავია მონოპოლისტური მდგომარეობა და არ აწარმოებს აგრესიულ პოლიტიკას: ადრე ისინი დაბალი ფასით ოპერირებდნენ და დიდი ბრუნვა ჰქონდათ, ახლა კი, შედარებით უფრო მაღალი ფასიც აქვთ და მცირე ბრუნვას სჯერდებიან. დღეის მდგომარეობით, ეს კომპანია სადღაც 30%-ის ფარგლებში ფიგურირებს და ფასიც უსამართლო არა აქვს, თუმცა ვიმეორებ: ამ ბაზარზე სიტუაცია მხოლოდ 2014 წლის ბოლოდან შეიცვალა. ამჟამად ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე არის მეორე, ძალიან რთული პრობლემა - ეს არის ფქვილის არასწორი იმპორტი საქართველოში.

- არასწორ იმპორტში რას გულისხმობთ?

- ჩვენთან ფქვილი ძირითადად, რუსეთიდან შემოდის. იქაურ წისქვილკომბინატებს ჩვენთან შედარებით სერიოზული პრივილეგიები აქვთ, რადგან რუსეთში წისქვილკომბინატებისთვის ფასი არის 160 დოლარი 1 ტონა ხორბალზე, ამას ემატება საექსპორტო ბაჟი და სულ მცირე, 30-40 დოლარიან სხვაობას ვიღებთ. აქედან გამომდინარე, რუსულ კომპანიებს ადგილზე ფქვილის წარმოება გაცილებით ნაკლები უჯდებათ, ვიდრე ქართულ კომპანიებს, რომლებსაც ხორბალი შემოაქვთ. ეს საკითხი სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს, რადგან ყველა სახელმწიფო იცავს ადგილობრივ ბაზარს არასწორი კონკურენციისგან. ამისათვის საჭიროა ორი კანონის მიღება: ეს არის ატიდემპინგური კანონი, რომელზეც უკვე კარგა ხანია მსჯელობენ, მაგრამ ჯერ კიდევ არ მიუღიათ და მეორე - კანონი ადგილობრივი ბაზრის დაცვის შესახებ. ეს კანონი მთავრობას საშუალებას აძლევს, ადგილობრივი წარმოება არასწორი კონკურენციისგან დაიცვას. ქვეყნის ბიუჯეტი კი, სწორედ ადგილობრივი წარმოების წყალობით ივსება, სწორედ ადგილობრივი წარმოება ქმნის სამუშაო ადგილებს. ჩვენთან კი რა ხდება? - უკვე დაიხურა ორი წისქვილკომბინატი, სხვათა შორის, ერთ-ერთი მათგანი - "თბილისი", ულტრათანამედროვე გახლდათ. თვით კომპანია "კარმენმაც" გააჩერა თავისი წისქვილკომბინატი "მზეკაბანი". შესაბამისად, ფქვილი, რომელიც ამ კომპანიებს უნდა ეწარმოებინათ, აწარმოეს რუსულმა კომპანიებმა და იმპორტის სახით შემოიტანეს. შესაბამისად, ის შენატანები, რომელიც საქართველოს ბიუჯეტში უნდა შესულიყო, დაიკარგა და ეს ყველაფერი წავიდა რუსეთში - ეს თანხა მათ ბიუჯეტში შევიდა. თანაც, ამ სამ წისქვილკომბინატში 400, თუ 450 კაცი მუშაობდა, ისინიც უმუშევრები დარჩნენ. აი, რატომ არის საჭირო ადგილობრივი წარმოების დაცვა. მე ადრეც მითქვამს - მაგალითი უნდა ავიღოთ თურქეთისგან, რომელიც ადგილობრივ, თურქულ წარმოებას ყველანაირი ხერხითა და საშუალებით იცავს. ყველა სახელმწიფო ადგილობრივ წარმოებას ახალისებს. ჩვენ კი გვეუბნებიან, რომ ეს არაევროპულია, მაგრამ იმავე ევროპის ქვეყნებს ძალიან მაღალი ბაჟი აქვთ დაწესებული 1 ტონა ფქვილის შეტანაზე და ამით იცავენ ადგილობრივ ბაზარს. ჩვენ ადგილობრივი წარმოების განვითარება გვჭირდება და არა იმის ძახილი, რომ ლიბერალები ვართ.

-  ხორბალი მთელ მსოფლიოში გაიაფდა. ჩვენთან თუ შეინიშნება პურპროდუქტების გაიაფების ტენდენცია?

- ამ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ფქვილი ჩვენთანაც გაიაფდა: ორიოდე თვის წინ ერთი ტომარა ფქვილი 44-45 ლარი ღირდა, ახლა კი, 41-42 ლარი ღირს. ფქვილის ფასზე ყველაზე მეტად ორი ფაქტორი მოქმედებს: პირველი - ხორბლის ფასი და მეორე - ვალუტის კურსის რყევა. თუ სავალუტო რყევა არ იქნება და ხორბალი კიდევ უფრო გაიაფდება, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ფქვილის ფასიც დაიწევს. რაც შეეხება პურს, ჩვენი მხრიდან არანაირი გაძვირება არ ემუქრება. ფქვილის გამო პურის ფასი არ მოიმატებს, თუმცა პურის გამოცხობას ბევრი სხვა რამ სჭირდება - მათ შორის, წყალი და ელექტროენერგიაც. 

ხათუნა ჩიგოგიძე