თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება

თბილისიდან თიანეთის მიმართულებით მგზავრობა უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ლითანიშვილი და მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლები, თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის 12.7 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ. სარეაბილიტაციო მონაკვეთი ხევსურთსოფელში იწყება და სოფელ ველთან მთავრდება. "პროექტის ფარგლებში ჩატარდა მიწის ვაკისის სამუშაოები. სულ მალე დასრულდება გაბიონებისა და კიუვეტების მოწყობა და დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რის შემდეგაც, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ახალი საორიენტაციო ბოძების, გზის მონიშვნისა და სიჩქარის შემზღუდავი საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები განხორციელდება. თბილისი-თიანეთის გზის რეაბილიტაციის შედეგად საავტომობილო გზაზე გადაადგილება კომფორტული გახდება, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუმჯობესდება, მგზავრობის დრო კი შემცირდება", - ნათქვამია განცხადებაში.

პროექტს, რომლის ღირებულება 4 მილიონ 170 ათას ლარს შეადგენს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, შპს "გზამშენი 4" ახორციელებს. სამუშაოები 1 თვეში დასრულდება.