ირაკლი ღარიბაშვილი -  ბიზნესს სესხის 10%-ს ვუფარავთ ბანკებში, უფასოდ ვაძლევთ მიწას, ქარხნებს, მეტი რა შეიძლება გაუკეთოს მთავრობამ?!

ჩვენი დაპირება რაც იყო, რომ იაფი ფინანსების უზრუნველყოფას მოვახდენდით, ეს არის შესრულებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ბიზნესმენი, ფერმერი, გლეხი სესხში იხდის 1 ან 2 პროცენტს, როცა ევროპაში არის 3-4 პროცენტიანი სესხები.

"ჩვენ გვაქვს უნიკალური პროგრამა "აწარმოე საქართველოში". რა შეიძლება მთავრობამ გააკეთოს ბიზნესისთვის, ჩვენ ბიზნესს ვუფინანსებთ სესხს, ანუ ვასუბსიდირებთ. 10%-ს ვუფარავთ ბანკებში. გარდა ამისა, ჩვენ ვაძლევთ აბსოლუტურად უფასოდ მიწას ქარხნებს, რომლებიც იყო წლების განმავლობაში დაკეტილი. ასევე ვაძლევთ გარანტიას, რომ აიღონ სესხი ბანკებიდან. მეტი რა შეიძლება გააკეთოს მთავრობამ?! ბიზნესმენი, ფერმერი, გლეხი შეიძლება იხდიდეს მხოლოდ 1 ან 2 პროცენტს. იქ არის 3-4 პროცენტიანი სესხები. ჩვენი დაპირება რაც იყო, რომ იაფი ფინანსების უზრუნველყოფას მოვახდენდით, ეს არის შესრულებული. მარტო 100 საწარმო, ინდუსტრიის მიმართულებით დაფინანსდა ახალი პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, გაიზარდა პედაგოგებისა და ექიმების ხელფასებიც. პრემიერმა მთის კანონის შესახებაც ისაუბრა. "ჩვენ გავუზარდეთ პედაგოგებს ხელფასები ეტაპობრივად, ექიმების ხელფასები გავზარდეთ. შემოვიღეთ მთის კანონი იმისთვის, რომ დავამაგროთ მთა და გავაძლიეროთ. შემოვიღეთ სპეციალური შეღავათიანი პირობები. დღეს მთაში, ბიზნესის კეთება, სასტუმროს თუ საწარმოს გახსნა, არის ნულოვანი დაბეგვრით. ჩვენ მთაში მეტი პენსიები დავნიშნეთ, უფრო მაღალი ხელფასები მივეცით ექიმებს და პედაგოგებს და მთელი საქართველოს მასშტაბით 82 ახალი ამბულატორია ავაშენეთ. ზოგიერთ სოფელში საერთოდ არ იყო ექიმი, არც ამბულატორია, ასეთ სოფლებში ჩავდგით ახალი, თანამედროვე ტიპის ამბულატორიები", - აღნიშნა პრემიერმა.