მთის განვითარების ეროვნული საბჭო პირველ სხდომას მართავს

მთის განვითარების ეროვნული საბჭო პირველ სხდომას მართავს. სხდომას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. "ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ მივიღებდით მთის კანონს. ეს დაპირება შესრულებულია. რა არის ის ძირითადი შეღავათები, რომელიც შემოღებული იქნება მთაში? - ფიზიკური პირი თავისუფლდება საშემოსავლო და ქონების გადასახადებისგან, ასევე მეწარმე პირი თავისუფლდება მოგების და ქონების გადასახადებისგან, პენსიებზე ყოველთვიური დანამატი იქნება არანაკლებ 20%, ასევე გათვალისწინებულია სოციალური პაკეტის 20%-ით ზრდა. გარდა ამისა, ოჯახები პირველ და მეორე შვილზე ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ 100 ლარის, მესამე და ყოველ შემდგომ შვილზე კი ორი წლის განმავლობაში არანაკლებ 200 ლარის დახმარებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერის ინფორმაციით, მთავრობა აპირებს მთის მცხოვრებლებს მოხმარებული ელექტროენერგიის 50%-იც აუნაზღაუროს. "ასევე საჯარო სკოლის მასწავლებლების საბაზისო ხელფასები გაიზრდება მთაში 35%-ით, სოციალური პროგრამების მონაწილე მასწავლებლების შრომის ანაზღაურება კი არანაკლებ 50%-ით. დანამატებია გათვალისწინებული ექიმებისთვის, ასევე ექთნებისთვის სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით. ჩვენ ასევე შემუშავების პროცესში გვაქვს სხვა შეღავათები, რომლებიც დაწესდება კანონის ამოქმედებისთანავე", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.