საკონტროლო სალარო აპარატების რეალიზაციას ნებისმიერი კომპანია განახორციელებს, რომელიც დადგენილ სტანდარტებს დააკმაყოფილებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, საკონტროლო სალარო აპარატების რეალიზაციას განახორციელებს ნებისმიერი კომპანია, რომელიც დადგენილ სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  ცვლილება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული ე.წ. "სამ მოდულის" (SAM MODUL) გამოყენებით. "სამ მოდული" მიზნად ისახავს საკონტროლო სალარო აპარატებისათვის ერთიანი სტანდარტისა და უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას. აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების (N34112) შესაბამისად, საკონტროლო სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრში შეტანილ იქნა "სამ მოდულის" აქტივაციისათვის საჭირო მონაცემების მქონე "DATECS DP-25" მოდელის საკონტროლო სალარო აპარატი, რომლის რეალიზაციასა და მომსახურებას უზრუნველყოფს შპს "კასა ჯი". შესაბამისად, ბაზარზე გაჩნდა მეორე კომპანია რომელიც საკონტროლო სალარო აპარატების რეალიზაციას ახორციელებს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ კომპანიას აქვს ოფისები თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, ასევე იგეგმება ოფისების გახსნა საქართველოს სხვა რეგიონებშიც.  "2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, საკონტროლო სალარო აპარატების ბაზარზე მონოპოლისტური გარემო იყო ჩამოყალიბებული, შესაბამისად, ოპერირებდა მხოლოდ ერთი კომპანია "ჯორჯიან სერვის ნეტვორკი", რომელიც ბულგარული კომპანია "დეიზი ტექნოლოჯის" მიერ წარმოებული სალარო აპარატების რეალიზაციასა და მომსახურებას ახორციელებს", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საკონტროლო სალარო აპარატი შემოსავლების აღრიცხვისა და საგადასახადო კონტროლის ეფექტურად განხორციელების მიზნით გამოიყენება და სავალდებულოა ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, გარდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.