კახეთის გზატკეცილზე დაზიანებული მაგისტრალის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, კახეთის გზატკეცილზე დაზიანებული მაგისტრალის აღდგენითი სამუშაოები დაგეგმილზე მეტ დროს ითხოვს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით,  კომპანიის ტექნიკური ბრიგადები გუშინ ღამიდან კახეთის გზატკეცილზე გამავალ 600 მმ-იან თუჯის მაგისტრალზე დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ.  "ტექნიკური სამუშაოების ჩატარება გართულებულია და დაგეგმილზე გაცილებით მეტ დროს ითხოვს, რადგან მაგისტრალის დაზიანებულ მონაკვეთზე რამდენიმე სასაწყობე ნაგებობაა დაშენებული. სამუშაოების დასაწყებად, კომპანიის ტექნიკურ ბრიგადებს სასაწყობე ნაგებობების ტერიტორიაზე ადგილის გასუფთავება, ტრანშეის გათხრა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შენობების კედლების საფუძვლიანად გამაგრება დასჭირდათ. შექმნილ სიტუაციაში სპეცტექნიკის სრულფასოვნად ჩართვა შეუძლებელია და ტექნიკურ პერსონალს სამუშაოების შესრულება, ძირითადად, ხელით უწევთ", - ნათქვამია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადებაში.

ამ მიზეზით, წყლის მიწოდება გუშინ ღამიდან შეწყვეტილი აქვს ვარკეთილის მესამე მასივს, კახეთის გზატკეცილს, მოსკოვის გამზირს, ბოგდან ხმელიცკის, ბერი გაბრიელის (ჩოლოყაშვილი), ქინძმარაულისა და მათ მიმდებარე ქუჩებს. წყალმომარაგების აღდგენა ხვალ, 28 ოქტომბრის დილის 08:00 საათიდან გახდება შესაძლებელი, მანამდე კი კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს სპეციალური ავტოცისტერნებით აწვდის.