დიმიტრი ქუმსიშვილი ავღანეთის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრ ჰუმაიუნ რასას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებსა და შემდგომი თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე წარიმართა. სამინისტროს განცხადებით, ავღანეთის მინისტრმა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ დიდი ინტერესი გამოთქვა. აღინიშნა, რომ მათი მეშვეობით საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბიზნეს-გარემო და ქვეყანის ბაზარი მსოფლიოს მაშტაბით უცხოური კაპიტალისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი გახდა. "ასევე საუბარი წარიმართა მეწარმეობის ხელშეწყობის სამთავრობო პროგრამებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. ავღანეთის მინისტრი განსაკუთრებით დაინტერესდა პროგრამით "აწარმოე საქართველოში". მან აღინიშნა, რომ 2013-2015 წლებში მეწარმეობის ხელშეწყობის მეშვეობით ადგილობრივმა კერძო სექტორმა 60 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა", - განაცხადეს სამინისტროში.

მათივე თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აბრეშუმის გზის სატრანზიტო კორიდორსა და თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომლის მუშაობაში ავღანეთის სამთავრობო დელეგაციამაც მიიღო მონაწილეობა. ავღანეთის მინისტრმა აღნიშნულ მიმართულებას მნიშვნელოვანი უწოდა როგორც საქართველოსთვის, ასევე ავღანეთისთვის. როგორც სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ტურიზმის, ინოვაციების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის და სხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.