ოთარ დანელია: აგროდაზღვევის პროგრამაში გარკვეული სადაზღვევო კომპანიების ჩართულობა შესაძლოა გადაიხედოს

აგროდაზღვევის პროგრამაში გარკვეული სადაზღვევო კომპანიების ჩართულობა შესაძლოა გადაიხედოს. ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრმა ამ მიმართულებით გამოვლენილ ხარვეზებზე ისაუბრა.

"ჩვენ გავაკეთეთ პროექტების მართვის სააგენტოს ქოლცენტრში შემოსული ზარების ანალიზი. დაფიქსირდა რამდენიმე პრეტენზია. აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულია ხუთამდე სადაზღვევო კომპანია. ჩვენ დეტალურად ვუკეთებთ ანალიზს, ვინ როგორ იყო ჩართული. ვაფასებთ პროგრამაში ჩართული გლეხების უკმაყოფილების დონეს. ჩვენთვის ნომერ პირველი ინტერესია ფერმერი და გლეხი. ზოგიერთი სადაზღვევო კომპანიის მხრიდან არის ხარვეზები, თუმცა ზოგიერთ სადაზღვევო კომპანიას, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ნამდვილად არანაირი პრობლემა და დაბრკოლება არ შეუქმნია გადახდის თვალსაზრისით. ამ კვირაში მათი დანაპირებისამებრ ხარვეზები უნდა გამოსწორდეს, თუმცა ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალ წელს იმ სადაზღვევო კომპანიების ჩართულობას გადავხედოთ, რომელთაც წელს გარკვეულწილად მოახერხეს და შექმნეს ან ჰქონდათ მცდელობა შეექმნათ გარკვეული პრობლემები თუნდაც ანაზღაურების ნაწილში. ჩვენი ინტერესია, მაქსიმალურად დავიცვათ გლეხების ინტერესი და მათ დროულად მიიღონ რაც ეკუთვნით, რადგან რთველზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, ძალიან ბევრი გეგმა აქვს მოსახლეობას", - განაცხადა ოთარ დანელიამ.