"სტერეო+"-ის განმარტებით, სატელევიზიო არხების გათიშვა წმინდა ტექნიკური ხასიათის ხარვეზი იყო

სამაუწყებლო კომპანია "სტერეო+"-ის განმარტებით, სატელევიზიო არხების გათიშვა წმინდა ტექნიკური ხასიათის ხარვეზი იყო.

როგორც "სტერეო+"-ის განცხადებაშია ნათქვამი, გუშინ, 20:22 საათზე, 2014 წლის 25 დეკემბრის შემდეგ პირველად, მოხდა "სტერეო+"-ის სათავო სადგურის ძირითადი სერვერის ავარიული ტექნიკური გათიშვა, რომლის ფუნქციონირებაც თავის თავზე სარეზერვო სერვერმა აიღო. "მომხდარი ტექნიკური შეფერხების გამო, მოხდა სატელევიზიო არხების გათიშვა. გადატვირთვის დრომ შეადგინა 76 წამი, რის შემდგომაც სისტემის ფუნქციონირება აღდგა. ამ მოვლენამ გამოიწვია სხვადასხვა ტიპის მიმღებ მოწყობილობებში განსხვავებული ეფექტი დროის სხვადასხვა ხანგრძლივობით. ეს იყო წმინდა ტექნიკური ხასიათის ხარვეზი. მსგავსი მოვლენის შემთხვევაში ეფექტის დროის შესამცირებლად სასურველია მიმღები მოწყობილობის ოპერატიული გადატვირთვა. კომპანია წუხს მაყურებლისთვის შექმნილი დისკომფორტისთვის", - ნათქვამია "სტერეო+"-ის განცხადებაში.

გუშინ "სტერეო+"-ის ქსელში ციფრული მაუწყებლობა რამდენიმე წუთით გაითიშა.