Doing Business-ის რეიტინგში საქართველო 24-ე პოზიციაზეა

მსოფლიოს ბანკის მიერ მომზადებულ „ბიზნესის კეთების“ (Doing Business) 2016 წლის რეიტინგში საქართველო 77,45 ქულით 24-ე პოზიციაზეა.

აღსანიშნავია, რომ „ბიზნესის კეთების“ 2015 წლის რეიტინგში საქართველო 189 ქვეყანას შორის მე-15 ადგილზე იყო 79,.46 ქულით.

მსოფლიო ბანკი ბიზნესის კეთების რეიტინგს ათი სხვადასხვა ინდიკატორით ადგენს და აფასებს იმ რეგულირებებს, რომელიც აძლიერებს ან აფერხებს ბიზნესის საქმიანობას, მათ შორის არის ბიზნესის დაწყების სიმარტივე, ინვესტიციების დაცვა, გადასახადების გადახდა, კრედიტის აღება, ქონების რეგისტრაცია, მშენებლობის ნებართვის გაცემა და სხვა.

როგორც მსოფლიო ბანკის წლევანდელ ანგარიშშია აღნიშნული, საქართველომ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის წამყვან ოთხეულში მეოთხე ადგილი დაიკავა მაკედონიის, ლიტვისა და ლატვიის შემდეგ.

„ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველომ მაჩვენებლები ყველაზე მეტად გააუმჯობესა „ბიზნესის წარმოების“ ანგარიშის მიერ შეფასებულ სფეროებში. ამ პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქციის მოცულობა საქართველოში 66%-ით, ახლად რეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა კი სამჯერ და მეტად გაიზარდა. ეკონომიკური შედეგების ზრდას ბევრმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. ერთ-ერთი მათგანი ადგილობრივი მეწარმეებისთვის ბიზნესის წაროების გამარტივებაა. საქართველომ ათივე კომპონენტში გაიუმჯობესა მდგომარეობა“, - ნათქვამია ანგარიშში.

მსოფლიო ბანკის ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოში მნიშვნელოვნად გამარტივდა მშენებლობის ნებართვების გაცემა, ასევე დაინერგა კონტრაქტების გაფორმების პროცესში ელექტრონული სისტემის დანერგვა, რომელიც ადვოკატებს საშუალებას აძლევს ელექტრონულად დაადასტურონ მოთხოვნები.

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის სამხრეთ კავკასიაში ივან ო"ჰალორანის განმარტებით, საქართველო მსოფლიოს თვრამეტი ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელმაც გასულ წელს ორი რეფორმა გაატარა.

"წლევანდელ ანგარიშში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ინდექსის შინაარსისა და მეთოდოლოგიის კუთხით. სწორედ ამან განაპირობა საქართველოს 24-ე ადგილი 189 ქვეყანას შორის. გასულ წელს გამოქვეყნებულ შეფასებასთან შედარებით წლევანდელი რეიტინგის ამგვარი ცვლილების მიზეზი არის მისი ახლებური გამოთვლა გაფართოებული მეთოდოლოგიის საფუძველზე," – განმარტა მან.