კახა კალაძე: "გაზპრომთან" მიმდინარეობს მოლაპარაკებები ტრანზიტის მოცულობის გაზრდაზე

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, კომპანია "სოკარს" ბუნებრივი აირით მოსახლეობის მომარაგების პრობლემა არ აქვს, მაგრამ დამატებითი კომერციული მოცულობის შემოტანის შესაძლებლობა არ გააჩნია. როგორც კალაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ აღნიშნულის გამო მიმდინარეობს მოლაპარაკებები "გაზპრომთან". "სოკარს" პრობლემა არ აქვს მიაწოდოს ბუნებრივი აირი მოსახლეობას და უზრუნველყოს სრულიად. რაც შეეხება დამატებით კომერციულ მოცულობებს, გასული წლების განმავლობაშიც შემოგვქონდა დამატებითი კომერციული გაზი რუსეთიდან, იმიტომ რომ "სოკარს" არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება "გაზპრომის" ხელმძღვანელობასთან მილანში გამართულ მორიგ შეხვედრას, მინისტრის თქმით, დეტალებზე შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის. "კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა შედგა იტალიაში. ჯერჯერობით, შეთანხმება მიღწეული არ არის. მიმდინარეობს მოლაპარაკებები. საუბარია ტრანზიტის მოცულობის გაზრდაზე. შესაბამისად, ჩვენ გვინდა მეტი შემოსავალი მივიღოთ და დამატებით მივცეთ შესაძლებლობა კომერციულ სტრუქტურებს, შემოიტანონ ბუნებრივი აირი საქართველოს გავლით", - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.