ირაკლი ღარიბაშვილი: ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც იგი მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა. "საქართველოს პოზიცია არ შეცვლილა წინა წელთან შედარებით. მე მინდა ამით განვმარტო, იმიტომ რომ შეიძლება რომელიმე ადამიანი დაიბნეს, ვინაიდან გასულ წელს ჩვენ ვიყავით მე-15 ადგილზე, ახლა ვართ 24-ზე, მაგრამ ეს არის მეთოდოლოგიის ცვლილებებიდან გამომდინარე პოზიციის შეცვლა. როგორც მსოფლიო ბანკიდან მოვისმინეთ, რამდენიმე პოზიციაზე გვაქვს გაუმჯობესება და არცერთ პოზიციაში არ გვაქვს გაუარესება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან მედიას მოუწოდა სწორად გაავრცელოს ეს ინფორმაცია, ვინაიდან მისი თქმით, რამდენიმე მედიასაშუალებამ უკვე დაამახინჯა ეს ინფორმაცია. მისი თქმით, საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა პოლონეთი, შვეიცარია, ნიდერლანდები, ესპანეთი, იაპონია, ბელგია, ლუქსემბურგი.  "ასე რომ, ჩვენ ვართ ერთ-ერთი მომხიბვლელი ქვეყანა ბიზნესის კეთების კუთხით", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.