ბორჯომის ოთხ სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ოთხ მაღალმთიან სოფელში გაზიფიცირებასთან დაკავშირებული სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გამანაწილებელი ქსელის მოწყობა დასრულებულია, დაერთების სამუშაოები კი ეტაპობრივად ხორციელდება. მოსახლეობა ბუნებრივ აირს სოფელ ანდეზიტშიც მიიღებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ოთხივე სოფელში ჯამში 343 კომლი გაზიფიცირდება.  ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, ამ სოფლებში ცოტა ხნის წინ გარეგანათების მონტაჟიც განხორციელდა. არსებულ განათების სისტემას 170 ახალი ლამპიონი დაემატა და ოთხივე სოფელი: ტაბაწყური, ჭიხარულა, მოლითი და ბალანთა სრულად განათდა.

წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობის მიერ წლის დასაწყისში შერჩეული პრიორიტეტებიც დადებითად გადაწყდა. მოლითსა და ჭიხარულაში საზოგადოებრივი შეკრების ადგილები აშენდა, ხოლო ბალანთასა და ტაბაწყურში რიტუალების სახლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივები მათ სოფლებში მიმდინარე პროცესებს დადებითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ მაღალმთიან ზონაში კომუნიკაციების განვითარება მნიშვნელოვანი წინაპირობაა სოფლებში მოსახლეობის დამაგრებისათვის.